„როდესაც ქვეყანაში რეფორმები ხორციელდება, ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული მაგალითია,“ - ასე უპასუხა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტების კითხვას, რამდენად სწორი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას მეგობრების კრიტიკის მსგავსად აღიქვამს, რადგან დარწმუნებულია, რომ ევროკავშირს და აშშ-ს ძლიერი საქართველოს ნახვა სურთ.
„ამ რეფორმებს ყოველთვის თან ახლავს გარკვეული ხარვეზები. ის კრიტიკა, რომელსაც ვისმენთ, ხშირ შემთხვევაში შეიძლება დასაბუთებული არ იყოს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ყველა, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველო ამ გზაზე წინ მიდის.
რაც შეეხება დამახინჯებულ ინფორმაციას, მე ამას უფრო აღქმებს დავარქმევდი იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს ინფორამცია აღქმებზეა დაფუძნებული და ამაში ჩვენ ვხედავთ ხარვეზებს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე პარლამენტმა და სხვა უწყებებმაც უფრო აქტიურად უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ არა აღქმებზე დაფუძნებული ინფორმაცია მივიდეს ჩვენს პარტნიორებამდე, არამედ, ფაქტებზე. იდეალური პროცესი არასდროს არის. ჩვენ ამ კრიტიკას ვიღებთ ისე, როგორც მეგობრებს კრიტიკას იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, როგორც ევროკავშირს, ასევე აშშ-ს ძლიერი საქართველოს ნახვა უნდათ. ამიტომ, ვერ ვიტყოდი, რომ აქ რაიმე შეფერხებას ვხედავდე. ეს არის სამუშაო პროცესი, რასაც ყოველთვის თან ახლავს ასეთი ტიპის ურთიერთობები. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე გადავა“, - განაცხადა სამხარაძემ.