„რატომ დასჭირდა გიორგი გახარიას ერთგულებაზე და ერთგულების ფიცზე აპელირება?! მგონი, ეს არ არის შემთხვევითი, მას აშკარად აწუხებს ეს კომპლექსი. ეს ბუნებრივია და, ადამიანურად, შეიძლება, გაუგო კიდეც, ის განცდა, რომ ერთხელ საკუთარ გუნდს უღალატა სრულიად თითიდან გამოწოვილი მიზეზით - ნიკანორ მელიას დაკავების ფორმის გამო“, - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერის ქმედება მოსახლეობას კარგად ახსოვს.
„გადაიარა მელიას დაკავების ამბავმა და არც აღარავის ახსოვს. აი, გახარიას ნაბიჯი კი, ახსოვს ბევრს. ეს ახსოვთ მათაც, ვის ხმებზეც ის შეიძლება ამჟამად ნადირობს. ქვეყნის წინაშე დადებული ერთგულების ფიცი, არ ვიცი, როდის დადო გახარიამ ეს ფიცი და რა გარემოებებში, არაფერ კავშირში არ არის იმ ნაბიჯებთან, რომლებიც მან საკუთარი აწ უკვე ყოფილი გუნდის მიმართ გადადგა. არის ასეთი გამოთქმა, რომ „ამ ადამიანთან ერთად შეიძლება დაზვერვაში წასვლა!“. შეიძლება თუ არა გახარიასთან ერთად დაზვერვაში წასვლა? დრო აჩვენებს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
იქამდე, გიორგი გახარიამ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა: „მე ერთგულების ერთი ფიცი მაქვს დადებული და ეს ფიცი ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, ჩემი სახელმწიფოა და სხვა არავინ“.