საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად უნდა სტუმრობდნენ რეგიონებს, ესაუბრებოდნენ ხალხს და ადგილზე ეცნობოდნენ სიტუაციას. ამის შესახებ კვირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუმრობისას განაცხადა.
"ჩვენ ძალიან ბევრს ვივლით რეგიონებში იმიტომ, რომ ქალაქიდან შეიძლება ძალიან ბევრი რამ სხვანაირად ჩანდეს. როცა ადამიანებს ხვდები, ესაუბრები, ისმენ მათ პრობლემებს, თვითონ მთავრობის წარმომადგენლებში სხვანაირი შეგრძნება ჩნდება. ისინი უფრო მეტად ითავისებენ იმას, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე სამცე-ჯავახეთის რეგიონის პოტენციალზე ისაუბრა და სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" მნიშვნელობა შეაფასა.
"დღეს ჩვენ მოვინახულეთ სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე მიკროსაწარმო, ასევე შეღავათიანი აგროკრედიტით დაფუძნებული ერთ-ერთი საწარმო. ვიმყოფებით ჩუქურთმების საწარმოში, რომელიც ასევე მიკროკრედიტით შეიქმნა. დაწყებულია საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენა, რაც ძალიან კარგია მომლოცველებისთვის, ტურისტებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის",- აღნიშნა პრემიერმა.