„ჩვენი ერი დაქსაქსულია, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ინტერესტთა ჯგუფებად, რომელთა შორის სრული გაუგებრობა, შუღლი, ზიზღი და აგრესია სუფევს“, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან “ ინტერვიუში საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე თვალჭრელიძემ განაცხადა.
„უკლებლივ ყველა პოლიტიკოსი გვარწმუნებს, რომ ზუსტად პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების სტილს და არიქა, გვერდში დამიდექითო. სინამდვილეში ეს, რასაკვირველია, ასე არ არის. პოლიტიკა ჩვენი ყოფის განუყოფელი, მაგრამ მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია და როგორც მრუდი სარკე ჩვენი ნაკვთების კარიკატურას გვაჩვენებს, ისევე პოლიტიკა ყოველდღიურობის დამახინჯებული ანარეკლია.
ამ თვალსაზრისით ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება, რომელსაც აგერ უკვე ოცდაათი წელია ვერსად გავექეცით, იმის დასტურია, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია საკმაოდ მძიმე სოციალურ-ფსიქოლოგიური ფონი, რომელიც ვლინდება ყოველ წუთს.
ჩვენი ერი დაქსაქსულია, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ინტერესტთა ჯგუფებად, რომელთა შორის სრული გაუგებრობა, შუღლი, ზიზღი და აგრესია სუფევს. ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთთად ლაპარაკის უნარი, ხოლო პაექრობის ქარცეცხლში გახვეულებს ელემენტარული ზრდილობის ნორმები გვავიწყდება.
აგრესიულად განწყობილ ჯგუფებს ურჩევნიათ შეურაცყოფა მიაყენონ, გაჟლიტონ, გასრისონ, სიცოცხლეს გამოასალმონ თავისი ოპონენტი, ვიდრე წყნარად მოისმინონ მისი განსხვავებული აზრი. ჩვენ ჟლეტვის დემიურგი დაგვეუფლა“, - აღნიშნა თვალჭრელიძემ.