„ჩვენი გუნდი ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც შეძლო ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი ხანგრძლივი პერიოდი, როცა ქვეყანას საბედნიეროდ, არ ჰქონია ომი,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფრის საფუძველი მშვიდობა და სტაბილურობაა, რის გარეშეც არ განვითარდება ქვეყანა და მუდმივი დესტაბილიზაცია და ქაოსი იქნება.
„მინდა, კიდევ ერთხელ ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით. მადლობა თქვენი ერთგული მხარდაჭერისთვის, ჩვენი გუნდისადმი, პარტიისადმი. სწორედ თქვენი მხარდაჭერით, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ ბოლო შვიდ არჩევნებში გაიმარჯვა დამაჯერებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამის შედეგად, მეგობრებო, ქვეყანაში შესაძლებელი გახდა ხანგრძლივი სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარება. ვთქვათ გულწრფელად, ერთი წამით დავფიქრდეთ, როდის ყოფილა ასეთ ხანგრძლივი სტაბილური და მშვიდობიანი პერიოდი ჩვენს ქვეყანაში? გავიხსენოთ 90-იანი წლების დასაწყისი. როგორ მოვექეცით ჩვენს თავს, ჩვენს ქვეყანას, ხალხს როგორ მოვექეცით. გვქონდა ომები, სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა- ათასი უბედურება და დესტაბილიზაცია გამოსცადა ჩვენმა ქვეყანამ. შემდეგ, თითქოს დასტაბილურდა ყველაფერი, თითქოს რაღაც ახალი ტალღა დაიწყო მშვიდობისა და განვითარების, მაგრამ შემდეგ ფატალურად დასრულდა ესეც, მოჩვენებითი, რაღაც ერთგვარი მშენებლობა და 2008 წლის აგვისტოს ომის გამოუსწორებელი შედეგი მართლაც ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის.
ომი არის ყველაზე საშინელება, მეგობრებო და კიდევ ვიმეორებ, რომ ხელისუფლება, რომელიც ვერ ააცილებს საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას ომს, ის ხელისუფლება, ის პოლიტიკოსი, მმართველი არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთადერთი ხანგრძლივი, 8-წლიანი პერიოდი, როცა ჩვენს ქვეყანას საბედნიეროდ, არ ჰქონია ომი. ანუ ჩვენ, მოქალაქეებს გაგვიხდა სანატრელი და საოცნებო მშვიდობა და სტაბილურობა. ყველაფრის საწყისი, საფუძველი, საძირკველი არის მშვიდობა და სტაბილურობა. მშვიდობის გარეშე, არ განვითარდება არც ქვეყანა, არც ქალაქი, არც რაიონი, არც სოფელი. იქნება მუდმივი დესტაბილიზაცია და ქაოსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.