ევრო 2016-ზე სამარცხვინო გამოსვლის შემდეგ, ბრიტანეთის ფეხბურთის ფედერაციამ როი ჰოჯსონის შემცვლელის ძიება დაიწყო და ახლა ოფიციალურად გახდა ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას - ფეხბურთის სამშობლოს ნაკრებს 61 წლის სემ ელერდაისი ჩაიბარებს.
აქამდე ელერდაისი ბრიტანული პრემიერ ლიგის მოკრძალებულ „სანდერლენდს" თავკაცობდა. სწორედ „დიდი სემის" დამსახურებით შეძლო გუნდმა 2015/2016 წლების სეზონში ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში დარჩენა. ელერდაისმა ინგლისის ნაკრებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და შესაბამისად, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას.
მწვრთნელთან დროზე ადრე კონტრაქტის გაწყვეტის გამო, ფედერაცია „სანდერლენდს" 2 მილიონ ფუნტს გადასცემს. შეგახსენებთ, რომ სამწვრთნელო კარიერის მანძილზე, ელერდაისი სხვადასხვა დროს, „ბოლტონს", „ნიუკასლსა" და „ბლექბერნ როვერსს" ედგა სათავეში.