საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, დმანისში, სოფელ განახლებაში, „შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიას” ეწვია. შვეიცარიული სტანდარტის მიხედვით შექმნილი კოლეჯი სპეციალიზებულია მეცხოველეობაში, რძისა და ყველის გადამუშავებაში.
პროექტის მთავარი პარტნიორია შვეიცარიაში ყველაზე წარმატებული აგრარული სკოლა - „პლანტაჰოფი“, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების შედგენას, მასალების შერჩევას, სასწავლო საწარმოების დაგეგმვასა და მასწავლებლების გადამზადებას.
კოლეჯის ძირითადი საქმიანობა პროფესიული პროგრამებია მეცხოველეობასა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში. ამასთან, ფერმერებსა და მოყვარულებს საშუალება ექნებათ, გაიარონ მოკლევადიანი პროფესიული კურსები.
თეორიულ სწავლებასთან ერთად, პროფესიულ სასწავლებელში უზრუნველყოფილია სტუდენტების პრაქტიკული განათლებაც. ამ მიზნით, კოლეჯის ბაზაზე მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ყველის ქარხანა იფუნქციონირებს.
შვეიცარიელი სპეციალისტების მეთვალყურეობით სტუდენტები თავად წარმართავენ ფერმის ყოველდღიურ საქმიანობას, დაამზადებენ საკვებს ფერმისთვის, იმუშავებენ ლაბორატორიაში, გადაამუშავებენ რძეს და დაამზადებენ რძის პროდუქტებს, რომელიც კოლეჯის კუთვნილ მაღაზიაში გაიყიდება.
ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს 30 სტუდენტზე გათვლილ საცხოვრებელ კამპუსსა და მცირე ზომის სასტუმროს მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის. სტუდენტების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და მსურველები ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების პროფესიული განათლების მიღებას შეძლებენ.
სტუდენტების სწავლის საფასურს ნაწილობრივ სახელმწიფო დაფარავს.
2-წლიან სადიპლომო პროგრამებზე სასწავლებელი 30-დან 50-მდე სტუდენტს მიიღებს, რომლებიც სკოლის კამპუსში იცხოვრებენ. ყოველწლიურად, კოლეჯი წელიწადში 400 ადამიანს შესთავაზებს სხვადასხვა მასტერკლასსა და სასერტიფიკატო პროგრამას, რომლითაც ფერმერები, მეწარმეები და სხვა დაინტერესებული პირები ისარგებლებენ.
ინვესტიციის ჯამური მოცულობა 14 მილიონ ლარამდეა. პროექტის მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარების სააგენტო და გაეროს განვითარების პროგრამა. კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სოფლის განვითარების სააგენტოსთან, რომელთა დახმარებით მოხდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა და სასწავლო ფერმის აღჭურვა.