logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ოქტომბრამდე ქვეყანა სრულ ქაოსში შეიძლება აღმოჩნდეს...
- +

11 აგვისტო. 2021. 02:52

 

 

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე  რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„რაც დღეს საქართველოში ხდება ასეთი კოვიდ პანდემიური აფეთქება არც რეგიონში და არც ევროპაში არ ყოფილა, პირველ ლოქდაუნს თუ არ მივიღებთ მხედველობაში. სამწუხაროდ, ჩვენ ახლა მეოთხე ტალღის შემოტევის საკმაოდ საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, სიკვდილიანობის მზარდი მაჩვენებლით. საგანგაშოა, რომ  მარტო აგვისტოში გარდაცვლილთა რაოდენობა კატასტროფულ მაჩვენებელზე 1200 ადამიანამდე შეიძლება ავიდეს და არც ის არის გამორიცხული,  ჰოსპიტალური ქსელიც მთლიანად ჩამოშალოს.

 

ბუნებრივია, ეკონომიკის ჩაკეტვა არ არის გამოსავალი,  მაგრამ, ამავდროულად ეკონომიკები სადაც კი გაიხსნა, სრული ან ვაქცინაციის 60 % ზე ნაკლები ვაქცინაციის გარეშე აფეთქებები პრაქტიკულად ყველგან მოხდა. პანდემიებისას, გახსნის ეკონომიკას, ისევე როგორც  ჩაკეტვის ეკონომიკას, თავისი კანონზომიერება ახასიათებს,  თუმცა გახსნის მატრიცა, ჩაკეტვის ელემენტების ნაწილს უნდა ინარჩუნებდეს. სხვა შემთხვევაში, უკუგების ეფექტი ნაკლებია.  ამის შედეგია, რომ  ჩვენთანაც და სხვა ქვეყნების ნაწილში, პანდემია იმაზე სწრაფადაც კი ვრცელდება, ვიდრე პირველი ლოქდაუნისას იყო. ამიტომაც არის, რომ ამ ვერაგი ვირუსული ინფექციის მორიგი აფეთქებების შეჩერების ყველაზე ეფექტურ საშუალებად   ვაქცინაცია  მიიჩნევა  და შედარებით გრძელვადიანი სტრატეგიაც ამაზეა აგებული.

 

ისეთ განვითარებული ეკონომიკის  ქვეყნებშიც კი, როგორიც დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია ან ისრაელია, სადაც მომსახურების სექტორი და ტურიზმი ეკონომიკის წამყვან მიმართულებად მიიჩნევა, მიუხედავად  ვაქცინაციის შედარებით მაღალი პროცენტული მაჩვენებლისა, სრულ ვაქცინაციამდე შეზღუდვები ყველგან  განახლდა. მათ შორის საგანგებო მდგომარეობა საღამოს საათებში, 9 საათის შემდეგ.

 

ბუნებრივია, რომ შეზღუდვების დაწესება არც ერთი მთავრობის თვითმიზანს არ წარმოადგენს.  ეს არის თავისებური პრევენცია  და ფასიც რასაც ვიხდით, რათა არ გავხდეთ იძულებული, სრულმასშტაბიანი ჩაკეტვის გადაწყვეტილების  მისაღებად, რაც ქვეყნის ეკონომიკას ყველაზე უფრო  დააზარალებს და არის ყველზე დიდი რისკის მატარებელი, როგორც სოციალური, ისე უმუშევრობის ზრდის თვალსაზრისით.

 

აქდან გამომდინარე, ვაქცინაციის დაჩქარებასთან ერთად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე, პირბადის სავალდებულო ტარება, სოციალუირი დისტანცირება, ხალხმრავალი ქორწილების და ქელეხების აკრძალვა თუ რესტორნების დროში შეზღუდვა, გამართლებულია, მაგრამ ვფიქრობ, მაინც არასაკმარისი.

 

ჩვენ უნდა წავიდეთ ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებით, რომელთა უმეტესობა, სრულ ვაქცინაციამდე  მხარს უჭერს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მოკლევადიან და მკვეთრ ზომებს, ორი კვირიდან ერთ თვემდე, ნაწილობრივი ამ მთლიანი ჩაკეტვით, იმ სექტორებში რომლებიც დისტანცირების ზომების მოშლის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან, ეს პირველ რიგში ეხება კვების მომსახურებას და რესტორნებს, ასევე გასართობ ცენტრებს,  ისევე როგორც  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც შეიძლება გახდეს აუცილებელი თუნდაც  22 საათიდან 6-7 საათამდე. იგივე ეხება სექტემბრიდან განათლებასაც როგორც სასკოლო, ისე  საუნივერსიტეტოს, რადგან ისინიც საშუალოზე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება. რაც შეეხება, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ქალაქთაშორისო სატრანსპორტო გადაადგილებების გარდა, მისი შეზღუდვა გარდა ცალკეული დღეებისა, მიზანშეწონილი არ არის.  

 

ნიშანდობლივია, რომ მეორე და მესამე ტალღის შემოტევისას, დიდ ბრიტანეთშიც კი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა თავი აერიდებინა მკაცრი შეზღუდვებისათვის, გასული წლის  ბოლოს უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის ეკონომიკები პრაქტიკულად ჩაიკეტა.   შარშან ოქტომბრის ბოლოს,  ჩრდილოეთ ირლანდიამ  გასცა სკოლების დაკეტვის ბრძანება, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. ასევე აკრძალული იყო, საზოგადოებრივი თავშეყრა.  ერთი თვის განმავლობაში, დაიხურა მომსახურების ბიზნესთა უმეტესობა, მათ შორის ბარები და რესტორნები. თვალსაჩინოებისათვის ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 146 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 12 მარტიდან სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია, და ეს 64 მილიონიან ერთიან სამეფოში.

 

პასუხისმგებლობა კოვიდ აფეთქებაზე, ბუნებრივია, მთავრობას აკისრია, მაგრამ იგი განზოგადდება მთელ პოლიტიკურ სპექტრზე და საზოგადოებაზე მთლიანად. არანაირი გამართლება არა აქვს  ამ თემის ირგვლივ ასეთ სპეკულაციებს და მთავრობაზე მედია შეტევას, რაც გასულ წელსაც ვნახეთ, როდესაც ცალკეული ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები, თუ ამა თუ იმ ბიზნეს ინტერესჯგუფები მედია ისტერიის გზით ახდენდენ, და  ყველაფრის გახსნას, რომ ითხოვდენ!

უნდა დამთავრდეს, ახალი სპეკულაციებიც ეკონომიკურ ზრდაზე და ტურიზმზე.  ტურისტული სეზონი ისედაც ჩავარდება, და ეკონომიკური ზრდაც შენელდება, როცა ქვეყანა ყველა ტურისტული მიმართულებით წითელ ზონაში შევა.

 

გასაგები უნდა იყოს, რომ ახლა ნებისმიერი იძულებით დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკას და ცალკეულ ბიზნესებს ზიანს მიაყენებს, მაგრამ პოპულიზმი კიდევ უფრო დამღუპველია. არჩევნები ვერ გახდება ამ შეზღუდვების შემაკავებელი ფაქტორი. თუ ეს პიკური ტრენდი  არ შეჩერდა, ხოლო ანტივაქსერულ პროპაგანდას, რაც რუსული ჰიბრიდული ომის მძლავრი ინსტრუმენტია და არა მხოლოდ ჩვენთან,  პასუხი არ გაეცა,  ოქტომბრამდე  ქვეყანა სრულ ქაოსში შეიძლება აღმოჩნდეს და არჩევნებიც უკან დაგვრჩეს.

ოცნების ხელისუფლება დროის დეფიციტშია, მაგრამ არა გამოუვალ სიტუაციაში,  ყველაზე მეტი პასუხისმგებლობაც მასზეა,  გადაწყვეტილებაც სასწრაფოდ არის მისაღები“, - წერს ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner