logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შინდისის ბრძოლის ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა
- +

11 აგვისტო. 2021. 11:26

 

 

„მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შინდისის ბრძოლის ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში „ქართული ოცნების“ წალკის მერობის კანდიდატის ილია საბაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ალექსანდრე ონიანმა ბრძოლის ბოლო წუთებში თავი გმირულად აიფეთქა, რითაც თავგანწირვის და თავდადების უდიდესი მაგალითი გვაჩვენა.

 

მთავრობის მეთაურმა შინდისის გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

 

„მე მინდა ჩემი დღევანდელი ჩემი გამოსვლა დავიწყო და გავიხსენო ჩვენი გმირები. დღეს 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა და კერძოდ, 17-მა შინდისელმა გმირმა გმირულად თავი გაწირა ჩვენი სამშობლოსთვის. მე მინდა ყველას გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ეს დღე მართლაც ტრაგიკული დღეა. თუმცა გვახსენებს იმას, რომ ჩვენ გმირების ქვეყანა ვართ. გმირების, რომლებმაც დაგვიტოვეს მაგალითი. დაუტოვეს მაგალითი ჩვენს თაობას, ჩვენს შვილებს, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ სამშობლოს. შინდისის გმირებმა საკუთარი გმირობით დაგვიტოვეს მაგალითი იმისა, რომ სიცოცხლე არაფრად არ ღირს, მაშინ, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის დაცვას. ამ დღეს სიმბოლურია, რომ თავდაცვის ძალების და მთავრობის შუამდგომლობით, ინიციატივით, ჩვენ მივმართეთ ქალბატონ პრეზიდენტს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დღეს, ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ალექსანდრე ონიანმა ბრძოლის ბოლო წუთებში თავი გმირულად აიფეთქა. ამით აჩვენა სიმამაცის უმაღლესი მწვერვალი. უდიდესი მაგალითი გვაჩვენა თავგანწირვის და თავდადების. კიდევ ერთხელ დიდება ჩვენს გმირებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner