„მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებას საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და პანდემიამდე გადაწყვეტილებაც კი გვქონდა მიღებული ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, მაგრამ არსებულმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი გეგმები, მთავარი პრიორიტეტი გახდა სხვა მიმართულებები,“ - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, იანვრიდან შესაძლებელი იქნება ხელფასების მატება.
„პირადად ჩემი დამოკიდებულებაა, რომ განაკვეთებით, რაც დღეს არის დადგენილი და წლებია არ შეცვლილა, რა თქმა უნდა, სათანადოდ არაა დაფასებული იმ ადამიანების შრომა, ვინც სახელმწიფოს და მოქალაქეებს ემსახურებიან. ამ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის სისტემა მაქვს მხედველობაში. ძალიან მიხარია, რომ ასეთი მიმართულებით მოგვიწევს მუშაობა და ვიმუშავებთ კიდეც. მომავალი წლიდან აუცილებლად მოვახერხებთ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შრომითი ანაზღაურების საკითხი გადაიხედოს. ჩვენი მიზანია, არსებული განაკვეთები შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად დაუახლოვდეს კერძო სექტორში არსებულ განაკვეთებს, ამ ორი მაჩვენებლის ერთმანეთთან ბმა მოხდეს, ხელფასების მატებას მუდმივი ხასიათი ჰქონდეს და არა ისე, როგორც უკანასკნელი წლების განმავლობაში გვქონდა. უკვე რამდენიმე წელია ხელფასების გადახედვა არ მომხდარა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია.
ეს ყველაფერი შრომის პირობებს აუარესებს, საჯარო სექტორიდან კვალიფიციური კადრების გადინებას უწყობს ხელს და, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მომსახურების და მუშაობის ხარისხს აუარესებს. მე არაერთ მთავრობის სხდომაზე გამიკეთებია განცხადება, რომ მუნიციპალიტეტი კერძო სექტორს კონკურენციას ვერ უწევს, ჩვენი ბევრი კვალიფიციური კადრი კი არჩევანს კერძო სექტორზე აკეთებს, რადგან მათაც ჰყავთ ოჯახები და შვილები.
ამიტომ, დედაქალაქში არსებული სერვისების გამართულად მუშაობისთვის, თანამშრომელთა მოტივაციისა და შენარჩუნებისთვის, აუცილებლად მიმაჩნია, შრომითი ანაზღაურების საკითხი გადაიხედოს და ის დღეს არსებულ საბაზრო ღირებულებას მაქსიმალურად დაუახლოვდეს. აქვე მინდა, ჩემს გუნდსაც დავავალო, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა მომდევნო წლიდან მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახედვა და მატება მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.