logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: საჯარო სექტორიდან კვალიფიციური კადრების გადინების შესაჩერებლად, შრომითი ანაზღაურების საკითხი მუნიციპალიტეტის მასშტაბითაც გადაიხედება
- +

11 აგვისტო. 2021. 12:04

 

 

„მომავალი წლიდან შრომითი ანაზღაურების საკითხი მუნიციპალიტეტის მასშტაბითაც გადაიხედება,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, არსებული განაკვეთებით, რომელიც წლებია არ შეცვლილა, სათანადოდ არ არის დაფასებული სახელმწიფოს და მოქალაქეების სამსახურში მყოფი ადამიანების შრომა.

 

კახა კალაძემ მერის მოადგილეებს დაავალა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, აქტიურად იმუშაონ აღნიშნულ საკითხზე, რათა ხელფასების მატება მომავალი წლის იანვრიდან გახდეს შესაძლებელი.

 

„მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებას საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სწორი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და პანდემიამდე გადაწყვეტილებაც კი გვქონდა მიღებული ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, თუმცა, არსებულმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი გეგმები. რადიკალურად შეიცვალა იმ პროექტების განხორციელების პროგრამა, რომელიც გამოცხადებული გვქონდა, თუმცა, პრიორიტეტი გახდა სხვა მიმართულებები. იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა, მომავალი წლიდან, როგორც ეს ჩვენ პრემიერის განცხადებიდან მოვისმინეთ, შესაძლებელი იქნება ხელფასების მატება. ჩვენი მიზანია, არსებული განაკვეთები შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად დაუახლოვდეს კერძო სექტორში არსებულ განაკვეთებს, ამ ორი მაჩვენებლის ერთმანეთთან ბმა მოხდეს, ხელფასების მატებას მუდმივი ხასიათი ჰქონდეს და არა ისე, როგორც უკანასკნელი წლების განმავლობაში გვქონდა. უკვე რამდენიმე წელია ხელფასების გადახედვა არ მომხდარა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, საჯარო სექტორი ანაზღაურების თვალსაზრისით, კერძო სექტორს კონკურენციას ვერ უწევს, რაც კვალიფიციური კადრების გადინებას უწყობს ხელს.

 

„ჩვენ გვაქვს პრობლემები, როდესაც ხშირად კვალიფიციური კადრები საჯარო სექტორიდან კერძო სექტორში გაედინება, რადგან არსებული ხელფასები ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევს კერძო სექტორს. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების ხელფასები კერძო სექტორს დავუახლოვოთ. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, დაიწყონ მუშაობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ფინანსთა სამინისტროსთან, რათა ჩვენ იანვრიდან უკვე შევძლოთ ხელფასების მატება მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებისა და იქ მომუშავე ადამიანებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner