„თუ ჩვენ, მოქალაქეები არ დავეხმარებით ჯანდაცვის სისტემას და ჩვენს ექიმებს და არ ავყვებით ამ ფერხულში, რასაც ჰქვია ვაქცინაცია და აცრა, იქნება ძალიან ცუდი სამსახური ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი თავისთვის,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში, წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აუცრელი ადამიანის დაინფიცირების შემთხვევაში მისი ჯანმრთელობის გაუარესების ძალიან მაღალი რისკია.
„უკვე ჰოსპიტალში მოხვედრილი, ანუ დამძიმებული პაციენტის რისკები ასევე იზრდება. 99,99% აცრილებისა არ ხვდებიან კლინიკებში, არ ხდება გარდაცვალება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, აცრა იცავს სიკვდილისგან. მე აცრილი ვარ, კოვიდიც გადავიტანე და ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. ამით მინდა, რომ ერთგვარი ელემენტარული მაგალითი მივცე ყველას, ჩემს გარშემო მყოფს. ჩავრთე ჩემი ინიციატივით მთელი მთავრობა, სამინისტროები, დავავალე ყველას, რომ დავიწყოთ ორგანიზებულად აცრები. ისევე როგორც რეგიონებში გუბერნატორები, მერები, საკრებულოს წევრები, ახლა გამოვედით ხალი ინიციატივით, რომ ცესკოს ყველა თანამშრომელი იქნას აცრილი, ისევე როგორც ყველა მერობის კანდიდატი, იმისთვის, რომ ჩავატაროთ კოვიდ-უსაფრთხო არჩევნები. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ქვეყანა იმყოფება აქტიურ საარჩევნო კამპანიაში და საჭიროა ელემენტარული წესების დაცვა – პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და აცრა.
„მესმის, რომ კრიზისია, მაგრამ ამას ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავუმკლავდეთ მშვიდად და ყოველგვარი პანიკის და ისტერიის გარეშე. თუმცა ვუყურებ რა ამ ოპოზიციურ არხებს, თავი მოგეჩვენებათ მსოფლიოს ბოლო დღეებში. აპოკალიფსია პირდაპირ. მთელ მსოფლიოში ეს ხდება. მანამდე მომადგნენ, ყოველ დღე აქციებს მიტარებდნენ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. ობიექტურად მაშინ ხალხი იყო შეწუხებული. ეს გავაკეთეთ. შემდეგ გავითვალისწინე მოსახლეობის ჩივილი და სტაბილური სიტუაციისას, როდესაც ვაქცინების შემოტანა დავიწყეთ, გავაუქმეთ პირბადის ტარების რეგულაციაც. დროებით, მაგრამ ვაკვირდებოდით სიტუაციას. ახლა ჩვენ შემოვიღეთ ასეთი რეგულაცია – 5 ადამიანზე მეტი თუ იკრიბება და მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ვიმყოფებით აქტიურ საარჩევნო კამპანიაში, საჭიროა ელემენტარული წესების დაცვა – პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და აცრა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.