საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველო ისრაელში შექმნილ კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატ „EXO-CD24“-ის კვლევაში ჩაერთვება, სიცრუეს უწოდებს.
ტიკარაძემ ასევე უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პრეპარატის კვლევაში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით, ისრაელთან რაიმე შეთანხმება იყო მიღწეული.
,,ინფორმაცია ისრაელთან მიმართებაში არასდროს შეესაბამებოდა სიმართლეს. იყო გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, სამინისტროში მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა, შესაბამისად, არ ვადასტურებ, რომ საქართველო გაურკვეველი პრეპარატის კვლევაში ერთვებოდა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელს, COVID-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელს, ნადირ არბერს, ეკატერინე ტიკარაძე მაისში შეხვდა.
21 მაისს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად, სავარაუდოდ, კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის კლინიკური კვლევის მესამე ფაზაში ჩაერთვებოდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თელ-ავივში, პრეპარატის კლინიკური გამოკვლევების პირველმა ფაზამ წარმატებული შედეგი აჩვენა, მედიაში მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში გამოჩნდა.