გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე მიუნხენში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლება აუცილებლად გაარკვევს, ვინ იდგა აღნიშნული ტერორისტული აქტის უკან და ყველაფერს გააკეთებენ მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად.
„ყველა ჩვენგანისთვის ძალიან რთულია ამის ნახვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვნახეთ თავდასხმა ნიცაზე, როდესაც სატვირთო მანქანა ადამიანების თავშეყრის ადგილას შევარდა და შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, ასევე იმ საზარელი შემთხვევის შემდეგ, რომელიც ბავარიაში სამგზავრო მატარებელში მოხდა და რამდენიმე ადამიანი სერიოზულად დაშავდა.
მოტივი და მიზეზი, თუ რატომ ჩამოვიდნენ ისლამისტებთან დაკავშირებული ადამიანები გერმანიაში, ჯერ კიდევ გასარკვევია. გუშინ მიუნხენში, იმ ადგილას, სადაც თავდასხმა განხორციელდა, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლებოდა ყოფილიყო და ეს თავისთავად ძალიან მძიმე ფაქტია. რა მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს? ეს ჩვენი სამართალდამცველები არიან, რომლებიც ძალიან კარგად გაუმკლავდნენ არსებულ ვითარებას, მათ ყველა დანარჩენ ქალაქში უზრუნველყვეს ადამიანების უსაფრთხოება, ჰქონდათ მუდმივი კონტაქტი ერთმანეთთან და ქმნიდნენ დაცულ გარემოს.
მე მსურს ასევე მადლობა გადავუხადო მიუნხენის მოსახლეობას. ისინი ზრუნავდნენ ერთმანეთზე და აჩვენეს, როგორია ცხოვრება თავისუფალ საზოგადოებაში. გუშინდელი ღამის შემდეგ ძალიან ბევრი შეტყობინება მივიღეთ - მეზობელი ქვეყნების მოსახლეობამ გვაგრძნობინა, რომ ფიქრობენ და მხარდაჭერას უცხადებენ გერმანიასა და მის ხალხს. ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ, ვინ იდგა მიუნხენის თავდასხმის უკან და არ მოვისვენებთ იქამდე, სანამ არ გავიგებთ, როგორ მოხდა ბავარიაში თავდამსხმელის რადიკალიზება. გერმანიის ხელისუფლება და უსაფრთხოების სამსახურები გააკეთებენ ყველაფერს მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად", - განაცხადა ანგელა მერკელმა.