„ბავშვების და 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ინფიცირების პროპორციულმა რაოდენობამ მიმდინარე ტალღისას მოიმატა,“ - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირებაზე საუბრისას განაცხადა.
გაბუნიას თქმით, ბავშვთა საწოლები არ არის დატვირთული, ვინაიდან შემთხვევების დიდი ნაწილი არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის და მშობლები თანახმანი არიან, რომ ბავშვები მართონ ბინაზე, ან კოვიდსასტუმროებში.
„ბავშვებში ინფიცრების რაოდენობის გაზრდის გამო ჩვენ დავამატეთ ჰოსპიტალური საწოლები ბავშვთა ასაკის პოპულაციისთვის. მაგრამ, ბოლო პერიოდში იკვეთება, რომ ბავშვთა საწოლები არ არის დატვირთული, შემთხვევების დიდი ნაწილი არის მსუბუქი-საშუალო სიმძიმის და ოჯახები თანახმა არიან, რომ ბავშვები მართონ ბინაზე, ან კოვიდსასტუმროებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ჰოსპიტალური სექტორის მობილიზების გეგმა სამინისტროს აქვს, როგორც კი დადგება შესაფერისი მომენტი, ეს გეგმა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.