„პირველად ვიმყოფები წალკაში და გაოცებული ვარ იმის ხილვით, რომ თითოეული გოჯი მიწა არის სათანადოდ დამუშავებული,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ წალკაში, წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ წალკაში და მის მიმდებარედ როგორც ტურისტული, ისე სოფლის მეურნეობის განვითარება იგეგმება.
„კანიონში, რომელიც უნიკალურია, ხორციელდება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, უპრეცენდენტო პროექტი და ინვესტიცია, რომლის მსგავსი ამ მხარეში ჯერ არ განხორციელებულა. საუბარია ქართულ-ებრაულ ინვესტიციაზე, რომელიც შექმნის სამაგალითო, მსოფლიო სტანდარტების ტურისტულ ინფრასტრუქტურას. მნიშვნელოვანია, რომ იგი გამოვიყენოთ შიდა ტურიზმისთვის. საქართველოს მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა ნახონ ეს სილამაზე.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო ეთნიკური მრავალფეროვნებით მდიდარი ეს მხარე, გამორჩეულად შრომისმოყვარე ხალხი. აქ წარმოებული პროდუქცია საუკეთესოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ექსპორტზეც საკმაო რაოდენობით გადის. ეს სამაგალითო უნდა გახდეს სხვა რეგიონებისთვის, თუ როგორ უნდა იშრომო, შექმნა დოვლათი ოჯახისთვის და შექმნა ხარისხიანი პროდუქცია“, - აღნიშნა კუჭავამ.
ამასთან, კუჭავამ რეგიონში ახალგაზრდებისა და დანარჩენი მოსახლეობის როლზეც ისაუბრა.
„ახალგაზრდები უნდა იყვნენ ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ახალი მერისთვის. მან უნდა მოუსმინოს ადგილობრივებს, ბოლომდე იყოს ჩართული იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომელსაც მოსახლეობა აწყდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შემდეგი ვიზიტისას და გპირდებით, რომ ხშირად ვივლი, ჩვენ ვნახავთ კიდევ უფრო სამაგალითო წალკას სხვა კუთხეებისთვის“, - განაცხადა კახა კუჭავამ.