„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბოროტი გეგმების დაგეგმვით არის გატაცებული, ეს ტიპური მიდგომაა, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით და ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობისგან“,- ასე შეაფასა „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ის პოსტი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე დაიწერა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, პიროვნული ტრაგედია პოლიტიკური დივიდენდებისთვის გამოიყენოს, რაც „აბსოლუტურად მიუღებელი და ამორალურია“.
„ეს არის ის, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. მიხეილ სააკაშვილი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე წინაასარჩევნო კამპანიაშია ჩართული, რაც ქართული კანონმდებლობის დარღვევაა. გახსოვთ, ჩვენ გვქონდა ინიციატივა იმის თაობაზე, რომ ამ კუთხით უკეთ მოწესრიგებულიყო ჩვენი კანონმდებლობა, რომ ასეთი შემთხვევები არ ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ისე პირდაპირ ერევა საარჩევნო კამპანიაში. მანამდე აღიარა, რომ ერევა ასევე მედიასაშუალებების მიერ სხვადასხვა დღის წესრიგის განსაზღვრაში და მათთან კომუნიკაცია აქვს. ახლა დაადასტურა, რომ კომუნიკაცია გააჩნია თავის მომხრეებთან და ცდილობს, საქართველოში დღის წესრიგი განსაზღვროს. მათ შორის ეს ადასტურებს კიდევ ერთ რამეს, ის ტექსტი,რაც წავიკითხეთ ყველამ საკუთარი თვალით, ნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასეთი ბოროტი გეგმების დაგეგმვით არის გატაცებული, ეს ტიპური მიდგმაა, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით და ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობისგან“. ისინი ცდილობენ, პიროვნული ტრაგედია პოლიტიკური დივიდენდებისთვის გამოიყენონ, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და ამორალურია. საინტერესოა ის ჯგუფი, რომლისთვისაც ეს ტექსტი იყო განკუთვნილი, რა ჯგუფში უნდა ჩავარდნილიყო და ვინ არის ის ხალხი, ვინც ასეთი ტიპის გეგმებს ალაგებენ. გასაკვირი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და მათ გარშემო მყოფი ადამიანების აქტიურობა ამ კუთხით, ეს ის პარტიაა, რომელიც წინა არჩევნებზე გვახსოვს, რომ დიდ მიტინგებსაც ატარებდა, მათ შორის არჩევნებს წინა დღესაც გახსოვთ რამხელა მიტინგი ჩაატარეს, ღამით რეგულაციებს სპეციალურადაც კი არღვევდნენ, კაფე-ბარებს ხსნიდნენ და ა.შ. ამ ერთი კვირის განმავლობაში კამპანიური ხასიათი მიიღო აქტიურობამ, ეს ყველაფერი გუშინ აიხსნა, თურმე ეს ყველაფერი ის კამპანია ყოფილა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ დაიწერა, რომ კორონავირუსის გამო, ადამიანების გარდაცვალება „ბიძინა ივანიშვილსა და ქოცებს დამსახურებულად უნდა შეეტენოთ“. მოგვიანებით, სააკაშვილმა აღნიშნული პოსტი წაშალა და დაწერა, რომ „ფეისბუქი“ გაუტეხეს. სააკაშვილმა მომხდარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადანაშაულა.