„ჩემი ინიციატივით შექმნილი პროგრამის -„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაახლოებით მილიარდი ლარის ღირებულების ახალი საწარმოები დაფინანსდა, შეიქმნა 20 000 ახალი სამუშაო ადგილი, უახლოეს 3 წელიწადში 2 მილიარდ 500 მილიონი დაიხარჯება და 1300 ახალი საწარმო დაფინანსდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თეთრიწყაროში, თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი წარმოების განვითარებას ალტერნატივა არ აქვს.
„ხელისუფლებაში როცა მოვედით, დავიწყეთ მასშტაბური პროექტების განხორციელება, როგორიც არის აგრო დახმარების პროექტები „დანერგე მომავალი“, „აწარმოე საქართველოში“. ამ პროექტების მეშვეობით ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა. 50 000-ზე მეტი გვყავს მხოლოდ ფერმერების მიმართულებით. 1700-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა. ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ეს ჩემი ინიციატივა იყო, დავიწყეთ 2014 წელს, მთავარი ამოცანა და მიზანი ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება და განვითარება იყო. ადგილობრივი წარმოების განვითარებას არ აქვს ალტერნატივა. ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა დაახლოებით მილიარდი ლარის ღირებულების ახალი საწარმოები, შეიქმნა დაახლოებით 20 000 ახალი სამუშაო ადგილი. ახლა, ახალი დავალების მიხედვით, რომელიც მე მივეცი ეკონომიკის მინისტრს, უახლოეს სამ წელიწადში დაიხარჯება მილიარდი ლარი მხოლოდ მთავრობისგან, ჯამში 2 მილიარდ 500 მილიონი და 1300 ახალი საწარმო დაფინანსდება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა თეთრიწყაროში გაზიფიცირების და წყალმომარაგების პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაწყებულია რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება, წყალმომარაგებაზე კი 58 მილიონი დაიხარჯება.
„ვიცი, რომ ამ სოფელში, მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანია გაზიფიცირების საკითხი. ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება. წყალმომარაგება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვმუშაობ ამ საკითხზე, დაახლოებით 44 მილიონი ჯდება სოფლების წყალმომარაგება. უშუალოდ ქალაქის წყალმომარაგება გვიჯდება 14 მილიონი, რაც აუცილებლად ძალიან მალე უნდა დასრულდეს. შედეგად, მეგობრებო, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ყოფა”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ურბანული განახლების პროექტებზეც ისაუბრა.
„ჩვენ ახალი ინიციატივა დავიწყეთ, რომელიც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში ერთგვარი ევროპული ტიპის ცენტრების მშენებლობას და ურბანული განახლების პროექტებს. წელს დაიხარჯება 500 მილიონი, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება აღნიშნული ცენტრები, ახალი რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები. ასევე, ყველა მუნიციპალიტეტში და ვიმყოფებით რა ამ მართლაც უნიკალურ, ულამაზეს მხარეში, ამ მუნიციპალიტეტში უამრავი ადგილი არსებობს იმისთვის, რომ ახალი ტურისტული ლოკაციები, ახალი მიზიდულობის ცენტრები შეიქმნას, ჩამოვიდეს ბევრი დამსვენებელი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა მთლიანობაში ემსახურება იმას, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტი დოვლათი შეიქმნას, მეტი კეთილდღეობა იყოს ჩვენს ოჯახებში”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში აშენდება პროფესიული სასწავლებელი.
„განათლების თაობაზე მინდა ვთქვა. ყველა სკოლა უნდა მოეწყოს ევროპული სტანდარტით. განათლებაში ჩაიდება ძალიან ბევრი თანხა, რამდენიმე მილიარდს ვგეგმავთ, რომ ჩავდებთ ამ წლების განმავლობაში. ასევე, პროფესიული სასწავლებლები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადგილზე ჩვენს მოსახლეობას, ახალგაზრდებს უნდა შევთავაზოთ პროფესიული სასწავლებლები, სხვადასხვა პროფესიები. ყველა მუნიციპალიტეტში აშენდება პროფესიული სასწავლებელი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.