ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზ.ზ. და ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 14 ნოემბერს, ქ. ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროსთან, ზ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, გ.მ.-ს მკვრივი ბლაგვი საგნის მრავალჯერადი დარტყმით თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა.
როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, მიღებული დაზიანებების შედეგად გ.მ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზ.ზ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„ზ.ზ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ცნობილი გახდა გ.გ.-სთვის, რომელმაც მომხდარის შესახებ არ შეატყობინა შესაბამის ორგანოებს.
სამართალდამცველებმა ზ.ზ. და გ.გ. 2020 წლის 16 ნოემბერს დააკავეს. ზ.ზ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით), ხოლო გ.გ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ზ.ზ. და გ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ზ.ზ.-ს 18 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.გ.-ს 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.