„გიორგი გახარიას მიმართ ყველა ობიექტურ შემფასებელს კონტრშეკითხვა გაუჩნდება - როდესაც ხელისუფალი იყავი, მაშინ რატომ არ ახორციელებდი რეფორმებს?“ - ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებას „ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე.
სარჯველაძის თქმით, ქვეყანა სასამართლო, საარჩევნო და სხვა მიმართულებით რეფორმებზე მუშაობას გააგრძელებს და „ამას არავის დამატებითი მოწოდება არ სჭირდება".
სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ გახარია საკუთარი პოლიტიკური ადგილის დამკვიდრებას „ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგით ცდილობს.
„ლოგიკას, რომელსაც გიორგი გახარია გვთავაზობს, როცა ამბობს, რომ 50%-ც რომ მივიღოთ, მაინც ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, დასაბუთებული ნამდვილად არ ეთქმის. ძალიან დასანანია, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი აყოლილია დღის წესრიგს, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" გვთავაზობს. ეს პრობლემატური და ადამიანურადაც დასანანია. დესტაბილიზაციის შემოტანა და არეულობის მცდელობა არ არის ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.