logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: თეთრიწყარო ნამდვილად გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, ეთნიკური მრავალფეროვნებით, რომელიც მთლიანად საქართველოს მოსახლეობის უდიდესი სიმდიდრეა
- +

11 აგვისტო. 2021. 15:06

 

 

„თეთრიწყარო ნამდვილად გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, ეთნიკური მრავალფეროვნებით, რომელიც უდიდესი სიმდიდრეა არა მხოლოდ ამ კუთხის, არამედ, მთლიანად, საქართველოს მოსახლეობის,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის გიორგი წიკლაურის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, აუცილებელია აქტივობა არჩევნებზე, რომ ძლიერი „ქართული ოცნების“ გუნდი, კიდევ ერთხელ იქნას ძალიან დამაჯერებლად წარმოდგენილი მუნიციპალურ არჩევნებზე და გავაგრძელოთ ის განვითარება, რომელიც დაწყებულია.

 

„დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ ვიყავი თეთრიწყაროში და მახსოვს, აქ ძალიან საინტერესო ღონისძიება გაიმართა. ეს ღონისძიება დაიგეგმა როგორც მთავრობის უდიდესი ჩართულობით, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის, კულტურული მემკვიდრეობის დამცველი სხვადასხვა აქტივისტების, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მეშვეობით. აქ წარმოდგენილი იყო ის უდიდესი სიმდიდრე, კულტურული ძეგლები, რომელიც თეთრიწყაროს, და მთლიანად, მუნიციპალიტეტს გააჩნია. იყო ხალხმრავლობა და მე პირადად, ოჯახთან ერთად ვიყავი. მახსოვს, ჩემი შვილები როგორი ბედნიერები იყვნენ, როდესაც საინტერესო სიახლეები ნახეს და გაეცნენ.

 

ბევრი რამ შეგვიძლია, წიგნით გადავცეთ მათ, სკოლაშიც ისწავლონ, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც საკუთარი თვალით ნახავენ ამ ყველაფერს და ნახავენ ბავშვობიდანვე. აღსანიშნავია, რომ ეს კუთხე განსაკუთრებით გამოირჩევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით – ფიტარეთის მონასტერი, ნადარბაზევი, სამშვილდეს ნაქალაქარი. ეს უდიდესი სიმდიდრე აუცილებელია, საქართველოს ყველა მოქალაქემ ნახოს.

 

ჩემთვის ასევე სასიამოვნო და გასაკვირი იყო, როდესაც ამ ღონისძიებაზე ვნახე ქართული პროდუქცია,  რომელიც მრავალფეროვანი იყო – აქ დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთები და სუვენირები. არაერთი საწარმოა დაფინანსებული პროგრამით „აწარმოე საქართველოში“. საკმარისია? რა თქმა უნდა, არა. როდესაც რეგიონს ამხელა პოტენციალი აქვს, უფრო მეტი უნდა დაფინანსდეს და ამისთვის ყველანაირი ინსტრუმენტი არსებობს, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენი ყველა იდეა, პოტენციალი სრულიად იქნას გამოყენებული. ეს კუთხე ნამდვილად გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, ეთნიკური მრავალფეროვნებით, რომელიც უდიდესი სიმდიდრეა არა მხოლოდ ამ კუთხის, არამედ, მთლიანად, საქართველოს მოსახლეობის.

 

რამდენიმე სიტყვით, მინდა, ჩვენს კანდიდატზე, როდესაც გავიგე, რომ მან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეს ყველასთან, ისწავლა აზერბაიჯანული და სომხური ენები, ძალიან დავაფასე და ნამდვილად მეამაყებოდა, რადგან, პირველ რიგში, ეს მიუთითებს, თუ რამდენად მზად არის ეს ადამიანი, უშუალოდ, შუამავლების გარეშე მოისმინოს და შემდეგ იზრუნოს ადგილობრივების პრობლემების გადაჭრისთვის. გამოწვევებთან გამკლავება შეუძლებელია, თუ არ იქნება ძლიერი გუნდი ძლიერ მერთან ერთად. აუცილებელია თქვენი აქტივობა არჩევნებზე, თქვენი მხარდაჭერა, რომ ძლიერი „ქართული ოცნების“ გუნდი, კიდევ ერთხელ იქნას ძალიან დამაჯერებლად წარმოდგენილი მუნიციპალურ არჩევნებზე და გავაგრძელოთ ის განვითარება, რომელიც დაწყებულია და აუცილებლად მიგვიყვანს სანატრელ ოცნებასთან, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის წევრობა, რადგან ყველა მუნიციპალიტეტი, არა მხოლოდ ზოგადი რეფორმები, არამედ ყველა მუნიციპალიტეტი უნდა გახდეს ევროპული ყაიდის მუნიციპალიტეტი.

 

ჩვენ მომავალი სამი წელი ბევრი სამუშაო გვაქვს, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, რომ შევძლოთ 2024 წელს განაცხადის წარდგენა და საბოლოო მიზნის მიღწევა, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner