„სამწუხაროდ, ეს ზუსტად ის ხელწერაა, რითაც ცხრა წელიწადი მართეს ქვეყანა, სიმულირებული, არასწორი და ყალბი რეალობის დრამატული მოვლენების საკუთარი მერკანტილური მიზნებითა და მოტივებით გამოყენება, ეს იყო მათი ხელწერა რეალურად, და ეს დაახლოებით წააგავს კიდეც ორი ტრუპის პარადიგმას,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ეს დამახასიათებელი სტილია „ნაციონალური მოძრაობისათვის“.
„რაც შეეხება შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, ერთის მხრივ ეს არის დასტური, რომ თვითონაც კარგად ხვდებიან, რაოდენ ამორალური იყო ის გაკეთებული განცხადება და ამისგან გამიჯვნის მიზნით, თითქოს სუს-მა შექმნა ეს პოსტი. რეალურად. ამას არავითარი დამაჯერებლობა არ აქვს. ეს არ არის ერთადერთი პროცესი სადაც ის ერევა, ეს სამართალდარღვევაა, თუმცა ესეც დამახასიათებელია. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სამართლებრივი წესრიგი და სამართლებრივი ნორმები არ არის სახელმძღვანელო პრიორიტეტად აღებული წესები, არ უყურებენ ისინი ასე. რაც მხოლოდ თავიანთთვის მისაღებია, მხოლოდ იმ ნორმების დაცვაზე ზრუნავენ, სხვა მიდგომა მათგან არც არის მოსალოდნელი. ისე ჩვენი კონსტიტუციური წესრიგია და ამის პატივისცემა ყველას მართებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს როგორიცაა ბატონი სააკაშვილი არავითარი უფლება წინასაარჩევნო კამპანიაში და აგიტაციაში ჩარევისა არ გააჩნია, ეს არის დაუშვებელი, ეს კონსტიტუციური წესრიგთან არათავსებადი ქმედებაა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა სტატუსი – „როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და „ქოცებს“ დამსახურებულად შეეტენოთ“. მოგვიანებით, ეს სტატუსი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქზე აღარ იძებნებოდა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული პოსტი მას არ დაუწერია.