„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს კონკურენტად არ მივიჩნევთ, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს გაკოტრებულ პოლიტიკოსთან, რომლის სიტყვასაც არანაირი პოლიტიკური ძალა არ აქვს,“ - ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ამ კანდიდატის დაპირებას არანაირი ფასი და ძალა არ აქვს, რადგან მან თავისი ბოლო პოლიტიკური მოღვაწეობით არაერთხელ გადათქვა მის მიერვე გაცხადებული საკითხები, ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ საარჩევნო კამპანიის დროს ვინმეს შევეჯიბროთ, ჩვენ მთავარი სუბიექტი და ობიექტი საარჩევნო კამპანიის იქნება ჩვენი ამომრჩევლები, ქართული საზოგადოება, თბილისის მცხოვრებლები. ჩვენ გვინდა მათ წარვუდგინოთ ჩვენი რეალისტური პროგრამა, თუ როგორ განაგრძობს კახა კალაძე მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის ყველა უბნის განვითარებას. მთლიანად მთელი კამპანია იქნება აგებული პოზიტივზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ დასახელებული მერობის კანდიდატი კონკურენტად არ მიგვაჩნია და წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი განწირულია მარცხისთვის. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს, დაველოდოთ. ფაქტია, რომ სხვა ოპოზიციურ სპექტრში დაბნეულობაა იმის შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად კახა კალაძე დააყენა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.