logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: წარმატებას გისურვებთ, ბატონო მერო!
- +

12 აგვისტო. 2021. 00:54

 

 

„ეჭვიც არ მეპარება, რომ თბილისი ისევ კახა კალაძეს აირჩევს!“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„სამი დღე გავიდა და ისევ ამ თემაზე მეფიქრება.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ამ მოთხოვნებში გასაოცარი და მიუღებელი არაფერია. ეს ადამიანები ბევრს მუშაობენ და, ვისაც დილამდე არ ეძინება, ანდა დილით ადრე ეღვიძება, ყველა ხედავს, როგორ ასუფთავებენ დედაქალაქის ქუჩებს. ხელფასიც უნდა გაეზარდოთ და მერიამ ახალი ტექნიკაც უნდა შემოიყვანოს. ეს სრულიად კანონიერი სოციალური მოთხოვნაა. ამგვარი მოთხოვნებით იმართება აქციები ამერიკაშიც და ევროპის ქვეყნებშიც და ამ პროცესში ყველგან აქტიურობს პროფკავშირი. ვიმეორებ: ეს კანონიერი და ნორმალურია!

სხვა რამ მაფიქრებს:

როგორი აზარტით აშუქებდა მედია მთელი დღის განმავლობაში, როგორი კმაყოფილებით გვაჩვენებდნენ ნაგვით გადავსებულ ურნებს, როგორ კომენტარებს აკეთებდნენ პოლიტიკოსები და სხვა ცნობილი ადამიანები... წარმოიდგინეთ, - სელფებს იღებდნენ ნაგვის ურნებთან!

თითქოს თვითონ ამ ქალაქში არ ცხოვრობენ, თითქოს მათი გადაყრილი ნაგავიც არ ავსებდა იმ ურნებს, თითქოს იმ ნაგვის სუნი მათი ოჯახის წევრებს არ შეაწუხებდა...

და რა მოხდა?!

რა და, დედაქალაქის მერმა დასუფთავების სამსახურის და მერიის თანამშრომლებთან ერთად დაღამებისთანავე დაიწყო ქალაქის დალაგება. ამ დროს მიუვარდნენ ნაცსექტანტები ჟურნალისტებით და ტელეკამერებით, - "კონცერტის" მოსაწყობად!

ორი წლის წინ, როცა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის მედლები და მოწმობები გადასცა დედაქალაქზე მზრუნველ ადამიანებს, ეს იყო მისი დამოკიდებულების ჩვენება ამ ადამიანების და მათთან ერთად ათასობით მეეზოვის, გამნათებლის, მემანქანის შრომის მიმართ. ჩვენ გვახსოვს, ინტელიგენციის წარმომადგენლები, მეცნიერები, სოციალისტური შრომის გმირები - დამსახურებული და ღვაწლმოსილი ადამიანები როგორ ხდებოდნენ საპატიო თბილისელები, ამჯერად კი სცენაზე იდგნენ უბრალო ადამიანები, ისინი, ვინც ათწლეულების მანძილზე ყოველდღე ჩუმად, უხმაუროდ და თავდაუზოგავად ემსახურებიან  თანამოქალაქეებს. მაშინაც საჯაროდ აღვნიშნე და მადლობა გადავუხადე დედაქალაქის მერს ამ ჟესტისთვის და ახლაც ვიტყვი: ეს იყო უპრეცენდენტო ფაქტი "თბილისობის" დიდი ისტორიის განმავლობაში!

ამიტომაც იყო, რომ არავის გაკვირვებია კახა კალაძის ქუჩებში გამოჩენა და დასუფთავების პროცესში მონაწილეობა. ამ პროცესს სახლებიდან, კომფორტული გარემოდან ადევნებდნენ თვალს ისინი, ვინც მთელი დღის მანძილზე მერს ამუნათებდნენ, ზოგიერთი კი, უკვე ვთქვი, ნაგვის ურნებთან მიუვარდა "კონცერტის" მოსაწყობად!

ორ თვეზე ნაკლები დარჩა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე.

ეჭვიც არ მეპარება, რომ თბილისი ისევ კახა კალაძეს აირჩევს!

და აირჩევს არა იმიტომ, რომ  დედაქალაქში ყველაფერი იდეალურადაა, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, არამედ იმიტომ, რომ ხალხი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, ვის უყვარს თბილისი და თბილისელები და ვინ მოაგვარებს მათ პრობლემებს!

წარმატებას გისურვებთ, ბატონო მერო!“,- წერს მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner