მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ სპორტულ კომპლექსში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა, სადაც ვაქცინაციის მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შეეძლებათ.
ადგილზე შექმნილია ყველა პირობა, რაც მოქალაქეთა უსაფრთხო ვაქცინაციის გარანტია. ფუნქციონირებს შოკის დარბაზი. ასევე, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიალერგიული და ანტიშოკური პრეპარატებით.
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პერსონალთან ერთად, მცხეთის ახლადგახსნილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებიც გაუწევენ დახმარებას, მათ შორის რეგისტრაციისა და რიგის მართვის პროცესში.
მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილე გოჩა ქავთარაძე, ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მოადგილე მარინა ზურაბიშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე.
„სპორტკომპლექსში იმუნიზაციის ცენტრი სახელმწიფო უწყებების, კერძო კლინიკისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კოორდინირებული მოქმედების შედეგად გაიხსნა. მინდა, ყველა მათგანს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის დიდი მადლობა გადავუხადო.
რაც ყველაზე მთავარია, აქ მოქალაქეებს აცრა სრულიად უსაფრთხოდ, კომფორტულ გარემოში შეუძლიათ. ამიტომაც, მსურს, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო ვაქცინაციისაკენ, რადგან ეს კოვიდ 19-ის დამარცხების ერთადერთი გზაა“, - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.
ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძე, NCDC-ის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივანი ნინო ოსეფაიშვილი, მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ნიკა ჭელიძე, მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი ლიკა მუმლაძე და „მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორი, რეგიონის კოორდინატორი ბადრი კუკულაძე. მათ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდეს.
მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ სპორტულ კომპლექსში (ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა N9) მცხეთის სამედიცინო ცენტრის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით გაიხსნა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ მცხეთა-მთიანეთში უკვე მოქმედებს სოფლის 7 ამცრელი ამბულატორია, უახლოეს მომავალში კი დაემატება სოფლის 4 ამცრელი ამბულატორია.