logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს მისცა თავისუფლება!
- +

23 ივლისი. 2016. 23:35


"ქართულმა ოცნებამ" ხალხს მისცა თავისუფლება! ახლა ჩვენ გვჭირდება ქვეყნის სწრაფი განვითარება, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გაძლიერდეს და ყოველი თქვენგანის ოჯახში შემოვიდეს კეთილდღეობა! ჩვენ ამას ერთად შევძლებთ!" - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოს მოსახლეობას, რომელსაც რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.


პრემიერმა აღნიშნა, რომ ამის მტკიცე რწმენას მოსახლეობის შემართება და მხარდაჭერა აძლევს.


გიორგი კვირიკაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, სამეგრელოს ისტორიულ როლზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მეგრელები ყოველთვის ამბობდნენ თავის სიტყვას, როდესაც საქმე სამშობლოს ერთიანობას და თავისუფლებას ეხებოდა.


"ჩვენი ქვეყნის ამ საამაყო კუთხემ ბევრი ღირსეული შვილი და ეროვნული გმირი გაზარდა, რომლებმაც თავი შესწირეს ბრძოლას ერთიანი ქართული სახელმწიფოსთვის. თქვენ ყოველთვის ვაჟკაცურად იდექით და არ გატყდით, მიუხედავად უამრავი სისასტიკის და ძალადობისა, რომელიც გადაიტანეთ. ქედს ვიხრი თქვენი სიმტკიცისა და გამძლეობის წინაშე. მჯერა, თქვენ, მეგრელები, უდიდეს როლს შეასრულებთ ისტორიული შერიგების პროცესში. ჩვენ ხელი უნდა გავუწოდოთ ჩვენს აფხაზ ძმებს და ჩვენკენ შემოვატრიალოთ ისინი. ამ შერიგებით უნდა დაიწყოს საქართველოს გამთლიანება და თქვენ ხართ ამ საქმეში ჩვენი მთავარი დასაყრდენი! რადგან აფხაზეთი აქედან ძალიან ახლოა, მინდა, სწორედ სამეგრელოდან მივმართო აფხაზ ძმებს - მინდა, გჯეროდეთ, რომ ჩვენ გვინდა შერიგება, გვინდა მშვიდობა და ეს ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მაგალითია რუხის რეგიონალური მნიშვნელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, და ჩვენი სურვილია, თქვენც ისარგებლოთ ამ ულტრათანამედროვე სტანდარტების კლინიკით. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ღირსეულად მიგიღებთ", - განაცხადა პრემიერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner