„მინდა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ევროპული ტიპის ცენტრები შეიქმნას, რაც შეეხება ინფრასტრუქტურას და რეგიონების განვითარებას, 32 მლრდ. დაიხარჯება მომდევნო წლების განმავლობაში, მთელი რეგიონების განვითარების მიმართულებით,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეტაპობრივად, თითოეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი, ევროპული ტიპის, ევროპული დონის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად უნდა გარდაიქმნას.
„თქვენ თუ მოგზაურობთ რიკოთის მიმართულებით, ნახავთ, რომ მასშტაბური, შეიძლება ითქვას, საუკუნის პროექტი ხორციელდება, 50-ზე მეტი ხიდი, გვირაბები, უნიკალური პროექტია მართლაც. წითელი ხიდიდან სარფამდე 4 საათში შეეძლება ადამიანს, რომ ჩავიდეს, რაც ძალიან შეამცირებს და გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, მობილობას გაუადვილებს მოსახლეობას. ასევე დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, მე მინდა, რომ ევროპული ტიპის ცენტრები შეიქმნას. ჩვენ ეტაპობრივად უნდა გარდავქმნათ თითოეული ქალაქი, მუნიციპალიტეტი, ევროპული ტიპის, ევროპული დონის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად და შემდეგ, ეს განვითარება ჩავიტანოთ ყველა სოფელში, შევქნათ ახალი ტურისტული ადგილები, წელს 500 მლნ. დაიხარჯება ამ მიმართულებით, ყველა ქალაქში მოეწყობა აღნიშნული ტიპის ევროპული ცენტრები და ურბანული განახლების პროექტი განვითარდება, გაგრძელდება.
ჩემი დავალებით, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალი ტურისტული ადგილები, ატრაქციები, რომ მეტი დამსვენებელი, მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი. ასევე, მეტი სარეკრეაციო სივრცეები, მეტი პარკები, მეტი გასართობი ადგილები ჩვენი ბავშვებისთვის, დამსვენებლებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს ყველაფერი ჩვენ კარგად ვიცით, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ახლა, ჩვენი შემაფერხებელი არის ის საბოტაჟი, ის მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია, რომლის შექმნის მცდელობაც აქვთ ჩვენს ოპონენტებს. ამის საშუალება არ მივცეთ არავის. განვითარებას წინ ვერავინ ვერ დაუდგება. ჩვენ მივდივართ წინ და აუცილებლად გავაგრძელებთ და მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.