ფეისბუქ-მომხმარებელი ბესიკ გამყრელიძე საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის (ე.წ. ქართული უნივერსიტეტის) რექტორის თანამდებობიდან პროფესორ სერგო ვარდოსანიძის წასვლას სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება.
„ეს საინტერესოა! ეს მნიშვნელოვანია!
რისი საწინდარია „ქართული უნივერსიტეტიდან“ სერგო ვარდოსანიძის წასვლა? რასაკვირველია, მხოლოდ რეგრესის!
სანამ თვით მთავარ თემას და ბატონი სერგოს მოღვაწეობას შევეხებოდე, მსურს, შესავლის სახით დიდი მწუხარებით აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ფრიად სამწუხარო ტენდენცია, რაც გულისხმობს დიდად ღვაწლმოსილი, ეროვნული იდეებით განმსჭვალული, მაღალი საზოგადოებრივი ავტორიტეტის მქონე პირთა მიმართ უპატიო და უღირს დამოკიდებულებას, რაც საერთო ჯამში, რასაკვირველია, ავისმომასწავებელი გარემოებაა და კარგს არაფერს უქადის ჩვენს ქვეყანას.
სახელმწიფოში, სადაც ერის, ეკლესიის, მეცნიერებისა თუ კულტურის სფეროსთვის დამაშვრალი პირების ღვაწლს არაფრად აგდებენ მავანნი და ცდილობენ, ფეხქვეშ გათელონ ღირსეულ პირთა სახელი, რასაკვირველია, ასეთ ქვეყანას არათუ წინსვლა გაუჭირდება, არამედ მხოლოდ რეგრესისკენ ექნება გზა.
თვით ჩემთვის და მრავალთათვის სამწუხარო ფაქტს რომ შევეხო, რაც გულისხმობს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის (ე.წ. ქართული უნივერსიტეტის) რექტორის თანამდებობიდან პროფესორ სერგო ვარდოსანიძის წასვლას (გადადგომას/გადადგომამდე მიყვანას), ცალსახად ნეგატიურ მოვლენად მესახება და ვინც ბატონი სერგოს მოღვაწეობას იცნობს, ყველასთვის გასაგებია, თუ რატომ ვფიქრობ ასე, ხოლო ვინც არ იცის, მათთვის გავმარტავ, რომ 2010 წელს, როდესაც ს. ვარდოსანიძე ჩაუდგა სათავეში აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელს, რეალურად ამ უნივერსიტეტის არსებობა-არარსებობის საკითხი იდგა, რადგან ძალზედ მცირე ავტორიტეტით სარგებლობდა მრავალი მიზეზისა თუ გარემოების გამო. უნივერსიტეტი მხოლოდ 2 წლის შექმნილი იყო და უჭირდა წელში გამართვა. სწორედ ამიტომ ეს დიდი მისია საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა თავისი კეთილგონიერებითა და სიბრძნით მიანდო ბატონ სერგოს, რომელმაც მას არა მხოლოდ გაუმართლა იმედები, არამედ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო და რეალურად ბრწყინვალე ავტორიტეტის მქონე უმაღლეს სასწავლებლად აქცია იგი თავისი შრომითა და მაღალი დონის პედაგოგიური კვალიფიკაციით (იგი წარსულში ორჯერ დასახელდა წლის საუკეთესო პედაგოგად) და რასაკვირველია, ადმინისტრაციულ-აკადემიური დისციპლინით. ბატონმა სერგომ უნივერსიტეტის კარი ფართოდ გაუღო ქართული მეცნიერებისა თუ კულტურის კორიფეებს, რითაც სტუდენტ ახალგაზრდობას მისცა საშუალება, პირადად ჰქონოდათ ურთიერთობა ლეგენდარულ პიროვნებებთან და საერთო ჯამში ამით თაობათაშორის ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყო ხელი. ს. ვარდოსანიძემ „ქართული უნივერსიტეტი“ აქცია გონიერი ახალგაზრდების სიბრძნის სამჭედლოდ, მისი მმართველობის პირობებში თვეში რამდენჯერმე (ზოგჯერ კვირაში რამდენჯერმეც კი) ტარდებოდა უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციები, დისკუსიები, სხდომები თუ საიუბილეო საღამოები რითაც უნივერსიტეტმა სახელი იმდენად გაითქვა, რომ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლებიც კი დადიოდნენ ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებებზე.
მაშ ვის უნდა სურდეს ან ვის გეგმებში უნდა შედიოდეს ესოდენ ღვაწლმოსილი პირის ჩამოშორება ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტისათვის? ან მით უფრო, ამ პიროვნების სახელის შებღალვა? რასაკვირველია, ვისაც უნივერსიტეტისთვის სიკეთე არ უნდა, არ არის საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტის კეთილმოსურნე და მით უფრო, არაა ახალგაზრდების გულშემატკივარი ანდა საგანმანათლებლო პროცესებით რეალურად დაინტერესებული პირი.
ბ-ნი სერგო ვარდოსანიძის წასვლა მისი და უნივერსიტეტის ავისმოსურნეთათვის თითქოს გამარჯვებაა, მაგრამ დრო ვინაიდან ყოველთვის ყოველივეს სწორად განსჯის და მომავალ თაობებს უჩვენებს წარსულის რეალურ სახეს, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ისტორია გამარჯვებულის პოზიციით ნამდვილად არ წარმოაჩენს მათ, ვინც დღეს ხელისმომცემად მიიჩნევენ რექტორის ცვლილებას „ქართულ უნივერსიტეტში“.
ამას გარდა, გამაოგნებელად აღმაშფოთებელ განცდებს იწვევს ჩემში, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, ქორეპისკოპოსყოფილისა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წარმომადგენელის ყოვლად თავხედური ინტერვიუ, რომელიც ტელეეთერით მოისმინა ქართველმა ხალხმა და სადაც ის ბრძანებს, რომ ზემოხსენებული უნივერსიტეტის რექტორად თურმე მისი დანიშნული ყოფილა ბატონი სერგო და ამიტომ მის პრეროგატივაში შედის ახლა მისი გათავისუფლებაც.
რა მაკვირვებს? საქმე ის გახლავთ, ბატონებო, რომ სერგო ვარდოსანიძე 2010 წლიდან ბრძანდება ქართული უნივერსიტეტის რექტორი და ამას გარდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 2018 წლის 31 იანვრის №6 პირადი ბრძანების საფუძველზე, ს. ვარდოსანიძე დანიშნულია ქართული უნივერსიტეტის რექტორად უვადოდ (ხაზს ვუსვამ - უვადოდ) და ამ ყოველივეს ფონზე როგორ იკვეთება ბოდბელი მთავარეპისკოპოსის სიტყვები?
1) ბოდბელის სიტყვებიდან თუ ვიმსჯელებთ, მას ისე გამოყავს საკითხი, რომ იგი ზეგავლენას ახდენს პატრიარქზე და თავისი მითითებებითა თუ სურვილით აწერინებს ბრძანებებს დანიშვნის შესახებ.
2) ბოდბელის სიტყვებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ როცა აღარ აწყობს, შეუძლია არაფრად ჩააგდოს პატრიარქის ბრძანება, იმოქმედოს პირადი შეხედულებისამებრ ან და ისევ ზეგავლენა მოახდინოს პატრიარქის გადაწყვეტილებაზე და ახალი ტიპის ბრძანება გამოაცემინოს მას.
აბა, მითხარით - არის თუ არა ეს ყოველივე პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფა? რასაკვირველია, არის, თან თავხედური შეურაცხყოფა, თავგასული მღვდელთმთავრის მხრიდან, რომელიც ძირითადად ცნობილია თავისი აგრესიული და უკულტურო ბუნებით.
მე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს და ეკლესიის რიგით წევრს, არ მაქვს უფლება, შევიტანო ეჭვი ბოდბელი მთავარეპისკოპოსის სამღდელმთავრო მადლმოსილებაში, მით უფრო მაშინ, როდესაც იგი ეკლესიის დოგმატებს არ არღვევს, თუმცა ფაქტია, რომ იგი იქცევა მღვდელმთავრისთვის შეუფერებლად და აქვს დისციპლინარული დარღვევების მთელი წყება, რაც არაერთ ადამიანს აბრკოლებს ღვთისკენ მიმავალ გზაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი პირველ ნაბიჯებს დგამს სარწმუნოებრივი ცხოვრების დაწყებისკენ. ყოველივე ამის გათვალისწინებით გამოვთქვამ დიდ გულისტკივილს, რადგან კათოლიკოს-პატრიარქ ილიას იმისთვის არ უღვაწია 44 წლის მანძილზე, რომ რომელიმე მღვდელთმთავარს (არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ის) თავისი უტაქტობით, უზრდელობით თუ აგრესიულობით შეელახა ეკლესის წმინდა და შეურყვნელი სახელი.
საგულისხმოა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ილია მეორის მოღვაწეობის საწყის ეტაპებზე მის გვერდით მყოფ პირთაგან, საუბედუროდ, დღეს ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა (ზოგი გარდაიცვალა და ზოგი დაუძლურდა), მით უფრო ისეთი, რომელიც ეკლესიას ემსახურება დღემდე, ასეთნი ბრძანდებიან: მანგლელი მიტროპოლიტი ანანია, ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი, ტყიბულ-თერჯოლელი მიტროპოლიტი გიორგი, წალკელ-დუშელი მიტროპოლიტი ზოსიმე, ასევე ორიოდე მღვდელმსახური და სულ რამდენიმე საერო პირი, უპირველესად კი მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი და პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.
რატომ გამოვყავი ეს ორი საერო პირი? იმიტომ რომ ქალბატონი შორენა აგერ უკვე 40 წელია ემსახურება ეკლესიას უსაზღვრო თავდადებით, რუდუნებითა და თავგანწირვით, დიახ, თავგანწირვით, რადგან პატრიარქისადმი მისი ერთგულების გამო მრავალ ჭორს უთხზავდნენ და დღესაც უთხზავენ, მრავალ ცრუ ბრალდებას უყენებენ და ცდილობენ, ჩამოაშორონ პატრიარქს, რადგან ფიქრობენ, რომ თუკი პატრიარქს ერთგულ ადამიანებს მოაცილებენ, მაშინ უფრო იოლად შეძლებენ მის დაჯაბვნას. სწორედ იმავე მიზეზით ხდება ახლა ბატონი სერგოს მიმართ უაზრო და უპატიო დამოკიდებულებებისა თუ ღიმილისმომგვრელი, თუმცა კი, გასაბრაზებელი ბრალდებების წამოყენება.
41 წელი გაატარა მან სამეცნიერო და პედაგოგიურ სივრცეში, 32-33 წელი სასულიერო-სემინარიასა და აკადემიაში, 13 წელი ქართულ უნივერსიტეტში (11 წელი რექტორის თანამდებობაზე), გამოქვეყნებული აქვს 37 მონოგრაფია და სახელმძღვანელო, ასევე 120 პუბლიკაცია. ბატონ სერგოს მთელი საგანმანათლებლო ინტელიგენცია აღიარებს და უწოდებს „საქართველოს ეკლესიის მემატიანეს“ და ახლა რომ აუგად იხსენიებს მავანი, ნუთუ არ რცხვენია? ამით ხომ ყველას აყენებს შეურაცხყოფას, ვინც კი ამ ესოდენ მრავალი წლის მანძილზე გვერდით დაიყენა, თანამდებობებზე დანიშნა და ჯილდოებით შეამკო ბატონი სერგო ვარდოსანიძე?! ალბათ არ რცხვენია, რადგან ან ვერ იაზრებს, რას აკეთებს, ანდა თავხედურად ილტვის პირადი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ნუთუ არაა პატრიარქის და ქართული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შეურაცხყოფა, როცა უნივერსიტეტში არავითარ აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი ბოროტად იყენებს თავის სამღვდელმთავრო წოდებას და ამბობს, რომ ამ უმაღლეს სასწავლებელში ისაა პირველი კაცი? რასაკვირველია, აქ საქმე გვაქვს ადმინისტრაციული და აკადემიური ძალაუფლების უზურპაცია-მიტაცებასთან და ცალსახა თავხედურ პოზიციებთან, რაც ყოვლად დაუშვებელია ისეთი მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუციაში, როგორიცაა ეკლესია. ეკლესია ხომ სული და გულია ქართველი ერისა, ეკლესია ხომ ქვაკუთხედია საქართველოს სახელმწიფოებრიობისა, განა შეიძლება მიეცეს ვინმეს უფლება, რომ პირად ინტერესებს ანაცვალოს ეკლესიის ავტორიტეტი?! რასაკვირველია, არა და არა!
და ბოლოს, ბატონი სერგოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან შეძლო ყველაზე მთავარი - აღზარდა ათასობით სტუდენტი რომლებსაც ცალსახა სამეცნიერო აზროვნება ჩამოუყალიბა და ამით ჩვენს ქვეყანას ნათელი მომავლის საწინდარი შეუქმნა.
დიახ, მე მინდა ვთქვა, რომ სერგო ვარდოსანიძემ თავისი დიდი სამეცნიერო და აკადემიური მოღვაწეობითა და ახალგაზრდებზე ზრუნვით პრაქტიკულად სიცოცხლეში დაიმსახურა ძეგლი. ძეგლი, რომელიც უკვე დგას მრავალი ადამიანის გულში, ვინც ხვალ თუ არა, ზეგ მაინც დაიკავებს ჩვენი ქვეყნის წამყვან პოზიციებს, სახელმწიფო თუ სამეცნიერო თანამდებობებს და მჯერა, რომ სწორედ ბატონი სერგოს მიერ გამოზრდილი გონიერი ახალგაზრდების დიდი ნაწილი იქნება იმ პირთა შორის, ვინც მომავალში ჩვენს ქვეყანას ხსნის გზაზე დააყენებს (სასულიერო იერარქთა შორისაც, რასაკვირველია).
არ მომერიდება ვთქვა, რომ ს. ვარდოსანიძის წასვლა ქართული უნივერსიტეტიდან, ჰგავს დიდი ივანე ჯავახიშვილის წასვლას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ჯავახიშვილისა, რომლის ღირსება ვერ შელახა უნივერსიტეტის დატოვებამ, დღეს მისი სახელი ყველამ იცის, ხოლო ისინი, ვინც მის წასვლას ხელი შეუწყო - ან დაივიწყა ისტორიამ, ანდა ავადსახსენებლად შემოინახა მათი სახელი.
ნიშნეულია, რომ ბატონი სერგო ეკლესიაში და ეკლესიის გვერდით იდგა მანამ, სანამ პატრიარქის ტახტზე აღსაყდრდებოდა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და რაც ეს დიდებული მამამთავარი ჩაუდგა ჩვენს ძირძველ ეკლესიას სათავეში, მას შემდეგ ბატონი სერგო არ განშორებია მას და ერთგულად ემსახურა როგორც ეკლესიას, ასევე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას. სწორედ ამიტომ პატრიარქმა იგი დააჯილდოვა ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი წმ. გიორგის ოქროს ორდენით (რამდენადაც ვიცი, როცა პატრიარქმა მისი დაჯილდოება გადაწყვიტა, იმ მომენტისთვის აღარ იყო ორდენის მზა-თავისუფალი ეგზემპლარი საპატრიარქოს საცავში და ბატონ სერგოს პატრიარქმა გადასცა ორდენის ის ეგზემპლარი, რომელითაც თვით პატრიარქი დააჯილდოვა წმ. სინოდმა. ეს ფაქტი გამოვყავი, რათა დაგანახოთ, თუ რაოდენ დიდ პატივს სცემს მას პატრიარქი და რაოდენ დიდად აფასებს მის მოღვაწეობას).
მე, როგორც რიგითმა ქართველმა, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ სერგოს იმ უდიდესი ღვაწლისათვის, რაც დასდო ჩვენს ქვეყანას, ქართულ მეცნიერებას და უპირველესად ქართველ ახალგაზრდებს. არასდროს შემეპარება ეჭვი ამ ადამიანის დიდსულოვნებასა და კეთილშობილებაში, პატრიოტიზმსა და ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობაში, ხოლო მისადმი მტრულად განწყობილ ძალებს ვუპასუხებ დიდი ვაჟას სიტყვებით „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“.
ბატონო სერგო, ვინაიდან თქვენ კეთილი სიბრძნის მარცვალი ჩათესეთ ათასობით ახალგაზრდის გულსა და გონებაში, მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თქვენი შრომა კეთილ ნაყოფს გამოიღებს, თქვენ სწორედ ამ ნაყოფით ხართ გამარჯვებული და უაღრესად წარმატებული, ამიტომ თქვენს ამაგს ვერავინ გააუფასურებს.
უფალმა არ მოაკლოს შეწევნა ბატონ სერგოს ცხოვრების სამომავლო გზაზე, დაე კიდევ დიდხანს ემსახუროს იგი ქართულ მეცნიერებასა და საგანმანათლებლო სისტემას ისე კეთილად, როგორც მას სჩვევია.
წყალობა ღვთისა თან სდევდეს ამ დიდ და დიდსულოვან პიროვნებას, რომლის დარიც თითზე ჩამოსათვლელიღაა ჩვენს საზოგადოებაში, საუბედუროდ.
P.S. ასევე დიდად ვწუხვარ, რომ ამ ამბით ისარგებლებენ როგორც ეკლესიის მიმართ ცალსახად მტრულად განწყობილი ძალები, ასევე თვით ეკლესიის წიაღში არსებული შინა მტრები და ფანატიკურად მოაზროვნე ელემენტები. ამ ამბავს ალბათ ყველა წარმოაჩენს თავისებური ინტერპრეტაციით, რაც გახდება ისევ და ისევ ეკლესიის მიმართ ბრალდებების საფუძველი და კიდევ ერთ დარტყმას მოუტანს საქართველოს საპატრიარქოს, რაც მე პირადად ძალიან მაწუხებს და გულწრფელად მადარდებს, რადგან ღრმად მწამს, რომ ხსნა მხოლოდ ეკლესიის და მისი სტრუქტურის ძლიერებაშია.
გულწრფელად გულსატკენია, აბა, რა არის, როცა ხედავ, რომ ეკლესიის ყველა სტრუქტურას მოუძებნა მედიამ მადისკრედიტებელი სუსტი წერტილი (რასაკვირველია ხშირად ინტერპრეტირებული ან შეთხზული) და ერთადერთი დაწესებულება, რომელსაც ბატონი სერგოს შრომით ჩრდილი არ მისდგომია, იყო „ქართული უნივერსიტეტი“ და ვიღაცის პირად ამბიციებს რომ ეწირება ეს მოწესრიგებული უმაღლესი დაწესებულება, სატკივარია და უნდა გვტკიოდეს კიდეც.
რაც შეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას ბოდბელი მთავარეპისკოპოსის სიტყვებისადმი (მღვდელთმთავრისა, რომელსაც თავად არაფერი შეუქმნია, ბოდბის მონასტრის იღუმენიას ნაღვაწით იწონებს თავს, თავად კი მის სიტყვებში მხოლოდ მუქარის პათოსი ისმის რაც მღვდელმთავრისთვის ყოვლად შეუფერებელია), რომელშიც გარდა ზემოთქმული აზრისა, ასევე ნათლად გამოიხატებოდა სტუდენტი ახალგაზრდებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება, ვიტყვი, რომ, ჩემი აზრით, ტრაგედიაა ეს ყოველივე და ერთადერთი, რაც ნათლად გამოხატავს ამ ტრაგედიის სიმძიმის პათოსს, ესაა უილიამ შექსპირის 66 სონეტი, რომელიც ბრწყინვალედ თარგმნა რეზო თაბუკაშვილმა.
„ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს“.
მიუხედავად შექმნილი სავალალო ვითარებისა და მიუხედავად იმისა, რომ აქ გამოხატული ჩემი პოზიცია, მე პირადად, შესაძლოა წინ დამხვდეს როგორც დაბრკოლება, არ შემეძლო, ეს ყოველივე არ დამეწერა თუნდაც იმიტომ, რომ მსურს, მართალი ვიყო საკუთარი თავის, ღვთისა და ერის წინაშე და როდესაც სამართლიანობაზე საუბარს დავიწყებ, არ მსურს მაგონდებოდეს, რომ გავჩუმდი მაშინ, როცა უსამართლობას ვხედავდი და ვისმენდი. ღირსება ადამიანებმა ყველასა და ყველაფერზე მაღლა უნდა დავაყენოთ (გარდა ღვთისა) და მაშინ დუმილი, როცა ხმა უნდა ავიმაღლოთ, ნამდვილად არ მგონია ღირსეული საქციელი.
სულ ბოლოს პოზიტივის სახით დავძენ, რომ გულით მწამს სახარებისეული სიტყვები „არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს“ და დიდი შოთას სიბრძნე „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. თქვენც იმავეს გირჩევთ, ბატონებო, რადგან ეს ჩვენ გვეჩქარება, თორემ უფალი თავის დროზე ყოველივეს მიუჩენს თავის ადგილს.
და თუ ვინმე მომავლისადმი პესიმისტურად განწყობილი მკითხავს „როდის?“ -ვუპასუხებ ჩვენი ბრძენი პატრიარქის სიტყვებით:
„როდის იქნება? როგორ იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება,
ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს
ღმერთის წყალობით
ყველაფერი კარგად იქნება!“ - წერს ბესიკ გამყრელიძე.