logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ის, რაც ახლა ხდება სერგო ვარდოსანიძის გარშემო, არ არის პიროვნული თუ კერძო კონფლიქტი
- +

15 აგვისტო. 2021. 13:25

 

 

SOS!!! SOS!!! SOS!!!

თავს ვალდებულად მივჩნევ, გავაზიარო ქვემოთ მოტანილი პუბლიკაცია, რომლის ავტორს, სამწუხაროდ, არ ვიცნობ, არასოდეს შევხვედრილვარ და არც არასოდეს წამიკითხავს მისი ნააზრევი. თუმც, გულწრფელად მადლობელი ვარ მისი მოქალაქეობრივი პოზიციისა და პრინციპულობისთვის.

ყველა შეხედულებასა და შეფასებას, რაც ეხება პროფესორ სერგო ვარდოსანიძის, როგორც „ქართული უნივერსიტეტის“ რექტორის მოღვაწეობას, მის სამეცნიერო საქმიანობას და პიროვნულ თვისებებს, ვიზიარებ და ვეთანხმები მთლიანად.

შემიძლია დავამატო ჩემიც, რამეთუ არამარტო მეტ-ნაკლებად ჩახედული ვარ ამ უნივერსიტეტის ცხოვრებაში, არამედ ვიცი მისი ადრინდელი საქმიანობაც. კარგად მახსოვს თითქმის ნახევარი საუკუნის წინანდელი ის პირველი ნაბიჯები, რომლებიც მან, უნივერსიტეტის ახლად კურსდამთავრებულმა და ისტორიის მასწავლებლად დანიშნულმა, გადადგა პირველ რესპუბლიკურ ექსპერიმენტულ სკოლაში. მის უფროს კოლეგებთან, სახელგანსმენილ პედაგოგებთან - ლევან ჩიქვანაიასთან, ნორა ტარიელაშვილთან, მანანა კობახიძესთან, აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან და სხვა ღირსეულ პიროვნებებთან ერთად, იგი ჰქმნიდა ლეგენდას - იმ დროისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ და საუკეთესო სკოლას, რომლის ბაზაზეც ღრმავდებოდა ძველი გამოცდილება და იხვეწებოდა საქვეყნოდ ცნობილი „ახალი პედაგოგიკის“ პრინციპები.

ის, რაც ახლა ხდება ს. ვარდოსანიძის გარშემო, არ არის პიროვნული თუ კერძო კონფლიქტი. ეს არის საუნივერსიტეტო ცხოვრების ფუნდამენტალური პრინციპების გათელვის მცდელობა. არაფერს ვიტყვი სხვა, არა ნაკლებ მნიშვნელოვანზე, რამეთუ არ მივცემ ჩემ თავს უფლებას, შევეხო არა მარტო საპატრიარქოს შიდა სამზარეულოს, არამედ ზოგადად ეკლესიის სფეროს (მღვდელთმსახურთაც), განსაკუთრებით, ადრინდელ თუ უახლოეს წარსულს, რომელსაც, მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა, საკმარისად ვიცნობ.

ყველაზე მეტად მაფიქრებს განათლების სამინისტროს დუმილი, მისი პოზიცია. მიუხედავად ამ უნივერსიტეტის განსაკუთრებული სპეციფიკურობისა, მისი დამფუძნებლის ავტორიტეტისა, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის სიფაქიზისა და ცნობილი ხელშეკრულებით განსაზღვრული ურთიერთვალდებულებებისა, სასწავლებელი შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, მოქმედებს უმაღლესი სკოლისთვის დადგენილი წესებით და ნორმებით. აქედან გამომდინარე, სამინისტრო ვალდებულია, ჩაერიოს ამ პროცესში. სირაქლემას პოზიციას გამართლება არ აქვს, რამეთუ საქმე ეხება არა მარტო მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებას, არამედ ქვეყნის სულიერი განვითარების პერსპექტივას.

ასევე, სერიოზული დაინტერესება უნდა გამოიჩინოს პარლამენტის შესაბამისმა კომისიამ.

ზოზინს და ვითარების გამარტივების სურვილს, შესაძლოა, სერიოზული საზოგადოებრივი დაძაბულობა მოჰყვეს, რაც არ გამორიცხავს სტუდენტთა კონკრეტულ პროტესტს, გადაზრდილს სტუდენტური სოლიდარობის სხვა ფორმებში.

ნუ დაგვავიწყდება 2003 წლის ნოემბერი და 2012 წლის შემოდგომა.

დანარჩენი - სხვა დროს!

https://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=165339

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner