logo_geo
eng_logo
რა ხდება ქაბულში, სადაც „თალიბები“ უკვე შევიდნენ
- +

15 აგვისტო. 2021. 14:26

 

 

Al Jazeera-ს ცნობით, „თალიბანის“ წევრებმა მიიღეს ბრძანება, რომ ყველას, ვისაც ქაბულის დატოვება სურს, ამის უპრობლემოდ, მშვიდობიანად გაკეთების უფლება მისცენ. ამასთან, მიღებული აქვთ მითითება, თავი შეიკავონ დედაქალაქში ნებისმიერი ძალადობისგან.

„ქალები, რომლებიც ქაბულში არიან, უსაფრთხო ადგილებში უნდა გადავიდნენ“, - აღნიშნულია „თალიბანის“ განცხადებაში.

ამ წუთებში, დაჯგუფების წარმომადგენლები დედაქალაქში, პრეზიდენტის სასახლეში არიან და მთავრობის წარმომადგენლებს ხვდებიან. მათი თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს „ქაბულის მშვიდობიანად გადასაცემად და ძალაუფლების გადასაბარებლად“ აწარმოებენ.

„თალიბანი“ ქაბულში ყველა მხრიდან შემოდის“, - აღნიშნულია ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ადგილობრივი მედია წერს, რომ უწყების ხელმძღვანელის თქმით, „ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარების“ მოლოდინშია.

„თალიბანის“ წარმომადგენლებს მიღებული აქვთ ბრძანება, რომ დარჩნენ ქალაქის შესასვლელებთან და ჯერ, ქაბულში გადაადგილება არ დაიწყონ.

აშშ-ის საელჩოს სახურავის მიმდებარედ, ცოტა ხნის წინ, კვამლი შეინიშნებოდა. მედიის ცნობით, სავარაუდოდ, დიპლომატები ანადგურებენ დოკუმენტაციას, რომელიც არ სურთ, „თალიბანის“ ხელში აღმოჩნდეს. მას შემდეგ, რაც დიპლომატებმა შენობა ავტომობილებით დატოვეს, საელჩოს სახურავზე ვერტმფრენები დაეშვნენ.

ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 23 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქვეყნის ძირითადი ქალაქებიდან დედაქალაქი ქაბული ახლა ერთადერთი ადგილია, რომელზეც მთავრობის კონტროლი ამ დრომდე ვრცელდებოდა, თუმცა, დედაქალაქის „თალიბების“ მიერ აღებას ჯერ არცერთი მხარე არ ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ, რამდენიმე საათის წინ, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner