„უდიდეს პატივს ვცემ ჩვენს სამედიცინო პერსონალს; საოცარი თავდადებით ემსახურებიან ხალხს და მათ მიმართ მხოლოდ მადლიერების გამოხატვა გვმართებს!“, - წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი.
„პროტოკოლი და გაიდლაინი არ არის მთავარი!
მთავარია ინდივიდუალური მახასიათებლები!
ქრონიკული დაავადებები თითოეულ ადამიანში სხვადასხვაგვარად მწვავდება და ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლად მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება!
მე არ ვარ მედიკოსი და სპეციალისტებისთვის კონკრეტული რჩევების მიცემის უფლება არ მაქვს, მაგრამ მედიაში მუშაობის 30 წლის განმავლობაში უამრავ რესპონდენტთან და ავტორთან ურთიერთობამ დამარწმუნა:
არ არსებობს ორი ერთნაირი მინისტრი, ორი ერთნაირი დეპუტატი, ორი ერთნაირი პროფესორი, ორი ერთნაირი მწერალი... ორი ერთნაირი რესპონდენტი... ადამიანი საერთოდ! მით უმეტეს, არ არსებობს ათი ერთნაირი, ასი ერთნაირი და ათასი ერთნაირი!
ამიტომ, მე არასდროს მქონია პროტოკოლი და გაიდლაინი, თითოეულ მათგანთან ინდივიდუალური მიდგომა კი საშუალებას მაძლევდა, წერილზე, ინტერვიუზე თუ გადაცემაზე მუშაობის დროს რესპონდენტების, ავტორების და სტუმრების ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით უკეთესად მოვმზადებულიყავი.
პროტოკოლი და გაიდლაინი კი არა, იქ, სადაც ამის საშუალებაა, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების მკურნალ ექიმებთან კომუნიკაციით ინდივიდუალურად უნდა დაიგეგმოს მკურნალობის პროცედურები.
უკაცრავად, თუ ვინმეს გააღიზიანებს ეს სტატუსი, მაგრამ, ჩემი აზრით, რაკი პაციენტები ხშირად სრულფასოვნად და სრულყოფილად არ ფლობენ ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, კარგი იქნება მკურნალი ექიმების აზრის გათვალისწინება.
უდიდეს პატივს ვცემ ჩვენს სამედიცინო პერსონალს; საოცარი თავდადებით ემსახურებიან ხალხს და მათ მიმართ მხოლოდ მადლიერების გამოხატვა გვმართებს!“, - წერს მძინარაშვილი.