თამაზ ნადარეიშვილის მოღვაწეობა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის აღმავლობის პერიოდს დაემთხვა. ის მთელი თავისი არსებით ჩაება ჩვენს ქვეყანაში იმ დემოკრატიული საფუძვლებისა და ფასეულობების ჩამოყალიბების საქმეში, რომელიც დღეს აღიარებულია საერთაშორისო არენაზე. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დასტურია თამაზ ნადარეიშვილის ხელმოწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
ბატონი თამაზი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას სათავეში საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში ჩაუდგა. სხვადასხვა დროს ის იყო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მრჩეველი, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. სწორედ ამ კონკრეტულ პერიოდში მიმდინარეობდა გლობალური დემოკრატიული ცვლილებები და აფხაზეთი იყო ამ ისტორიული, ამავდროულად, ტრაგიკული პერიოდის ადგილი და დრო. გამომდინარე ყველა ამ ზემოაღნიშნული მოვლენიდან, ბატონი თამაზი აკეთებდა იმას, რაც კონკრეტულ პერიოდში ჭეშმარიტ მამულიშვილსა და პატრიოტს უნდა ეკეთებინა.
ხაზგასასმელია ბატონ თამაზ ნადარეიშვილის მონაწილეობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც შემდგომში ევროპულ დოქტრინად - „ჩართულობა აღიარების გარეშე" - ჩამოყალიბდა, რაც გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტისადმი ევროპის ხელშეწყობას და აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობის აღდგენას. ნიშანდობლივია, აგრეთვე, ის გარემოებაც, რომ თამაზ ნადარეიშვილის აქტიური პოლიტიკური სწრაფვა ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრება, საერთო ენის გამონახვა და იმ ჩატეხილი ხიდების აღდგენა იყო, რომლის გარეშეც შეუძლებელია საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკა მთლიანობაში.
თამაზ ნადარეიშვილის სანუკვარ მიზანს დევნილი მოსახლეობის აფხაზეთში დაბრუნებისათვის ბრძოლა წარმოადგენდა და მთელი მისი მოღვაწეობაც სიცოცხლის ბოლომდე ამ მიზნის აღსრულებისკენ იყო მიმართული. ამ ჭრილში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჯერ კიდევ XX საუკუნის 90-იან წლებში მსოფლიოს პოლიტიკური და სამხედრო ინტერესი ფოკუსირებული იყო ბალკანეთზე. ბატონი თამაზ ნადარეიშვილი გახლდათ ქვეყნის იმ მოღვაწეთა პირველ რიგებში ვისი დამსახურაბაცა საერთაშორისო არენაზე ისე მწვავედ წამოეყენებინა აფხაზეთიდან დევნილების საკითხი, რომ, საბოლოო ჯამში, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ის საერთაშორისო რეზოლუციები, რაც საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო და მშვიდობიანი დაბრუნების წინაპირობაა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ვიზიარებთ რა თამაზ ნადარეიშვილის იდეალებს ერთიან საქართველოში აფხაზეთის აღორძინებისა, ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანის განხორციელებას - აფხაზებთან შერიგებას და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნებას.