შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ქალაქ მარნეულში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ესტუმრა.
თეა ახვლედიანმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ნუნუ მიცკევიჩთან, ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლის დირექტორთან ქეთევან ჯაყელსა და ექიმ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად სკოლის პედაგოგებთან და ბენეფიციარებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობა.
სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სრული ინფორმირების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე; ხაზი გაუსვა ვაქცინაციის როლს იმუნიზაციის პროგრამაში და აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი.
„სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის უპირველეს პრიორიტეტად სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლება განვაცხადეთ. ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი სიახლე არის ის, რომ ინერგება ახალი ინტეგრაციული კომპონენტი, რაც გულისხმობს ქართული ენის შესწავლასთან ერთად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის აქტუალურ თემებზე, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების თაობაზე ინფორმირებას და ინტეგრაციის მხარდამჭერი საკითხების განხილვას. მარნეულში დღეს, პირველად იხსნება ინტეგრაციული კომპონენტი, რომლის თემატიკაც არის ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე კოვიდპანდემიის პრევენციის მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები და რა თქმა უნდა ვაქცინაციასთან დაკავშირებული თემატიკა. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და წამყვან როლს ასრულებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა და დღევანდელ შეხვედრაზე კოვიდპანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეკრებილ აუდიტორიას აქვს საშუალება ისაუბროს ცნობილ ექიმ-ალერგოლოგთან, ბატონ ბიძინა კულუმბეგოვთან,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
„ვაქცინაციის პროცესი და ზოგადად პანდემიის პრევენციის საკითხების გაცნობის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ამ პროცესის წარმატება მხოლოდ მიიღწევა თუ ამას ექნება საყოველთაო ხასიათი. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან პრიორიტეტულია იმ ადამიანებამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია, რომელთაც თუნდაც საკუთარ ენაზე სჭირდებათ ინფორმირება. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სახელმწიფო სკოლის, განათლების სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ არის ორგანიზებული გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ამ ადამიანებთან მაქსიმალური კომუნიკაცია შევძლოთ, რათა მათ ჰქონდეთ სწორ და მეცნიერულად გამართულ ინფორმაციასთან წვდომა. მთავარი არსი გახლავთ ეს. ამ შეხვედრებს ექნება სერიული ხასიათი; იქნება პირისპირ და ონლაინ შეხვედრები და მას მიეცემა რეგულარული ხასიათი,“- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.