„ჯანდაცვის სისტემა დაძაბულობის ზღვარზე მუშაობს,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, კლინიკებში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა მაღალია. მან მოსახლეობას არსებული რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი ჩვენი დღევანდელი მაჩვენებლები - ინციდენტობა (100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა), დადებითობის მაჩვენებელი დაახლოებით სამჯერ მეტია, ვიდრე გვქონდა მაისის ტალღის პიკზე, ანუ 17 მაისს და დაახლოებით 97%-ია იმისა, რაც გვქონდა ნოემბერ-დეკემბრის პიკზე ყველა პარამეტრით. მხედველობაში მაქვს ახალი შემთხვევები, დადებითობა, სიკვდილიანობა და R-ი, ანუ რეპროდუქციის ინდექსი, რომელიც არის 1, 38“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 490 462 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 429 190, გარდაიცვალა 6 483 პაციენტი.