logo_geo
eng_logo
ზაალ კასრელიშვილი: ჩვენ ახლა ველოდებით ქარიშხალს ჩრდილოეთიდან, იმედია, ისიც გვერდზე ჩაგვივლის...
- +

24 ივლისი. 2016. 02:43


რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ სირიის მოვლენებმა შესაძლოა სამხრეთ კავკასიაში გადმოინაცვლოს და იქვე დაამატა, რომ რუსეთი ამ პროცესებში აუცილებლად ჩაერევა.


აპირებს თუ არა სირიის კონფლიქტის გამოდმოტანას რუსეთი სამხრეთ კავკასიაში და რას უნდა ველოდოთ თურქეთიდან? - ამ თემაზე „ახალ თაობასთან" ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი საუბრობს:


„რაც 15­16 ივლისის ღამეს თურქეთში მოხდა, ეს იყო შედეგი და მას ჰქონდა გამომწვევი მიზეზები. რასაც ამბობს შოიგუ, ესეც იქნება შედეგები, რომელსაც ასევე აქვს მიზეზები. სირიაში ერთმანეთს დაუპირისპირდა რუსეთის, თურქეთის, დასავლეთის, შიიტური ირანისა და ისლამური სახელმწიფოს გეოპოლიტიკური ინტერესები. ამ ინტერესთა კონფლიქტს შეეწირა უდიდესი სახელმწიფო სირია, რომელიც ალბათ ვერასდროს აღდგება იმ საზღვრებში, რაც კონფლიქტამდე იყო. სამხრეთ კავკასიაშიც ბევრი მოთამაშის ინტერესი იკვეთება. მოსკოვს მისი დათმობა არ სურს და ყველაფერს გააკეთებს, რომ აქ გავლენები შეინარჩუნოს. სერგეი შოიგუს განცხადება არ არის მხოლოდ რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება. ის ნიკოლაი პატრუშევთან ერთად პუტინის მარჯვენა ხელია. ესტროიკა" ქორები არიან და სულ ომზე ფიქრობენ. არის მეორე ნაწილიც, რომლებიც უფრო პროგრესულად აზროვნებენ, მაგრამ ისინი გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ.

 

 სერგეი შოიგუს ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ კრემლი მზად არის, ყველა იმ ძალას დაუპირისპირდეს, ვისაც სამხრეთ კავკასიაში რაიმე გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს. კრემლი შეუძლებელსაც კი გააკეთებს იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეზე პოლიტიკური გავლენები შეინარჩუნოს.


პროდასავლური სამხედროების მოთმინების ფიალა ოდესღაც აივსებოდა ერდოღანის ასეთი კონტრასტული განცხადებების გამო. ერდოღანმა პუტინს ბოდიში რომ მოუხადა, ეს იყო ბოლო წვეთი პატრიოტი, პროდასავლური, „სვეცკი" თურქებისთვის. ამან სამხედრო ელიტის მოთმინების ფიალაც აავსო. ამ ბოდიშს კიდევ უარესი დაემატა. მოსკოვსა და ანკარას შორის როცა დათბა ურთიერთობა და მოლაპარაკებები დაიწყო, რუსეთმა შესთავაზა თურქეთს შავი ზღვის აკვატორიის ერთობლივი ძალებით გააკონტროლება, ოღონდ ისე, რომ იქ ნატოს გემები არ შემოუშვან. ამას მეტს არაფერს დავამატებ. ვისაც ოდნავ რაღაც ესმის, ყველაფერს მიხვდება. რეჯებ ერდოღანის კონტრასტულობა 15­16 ივლისის სამხედრო პუტჩით დასრულდა. ორი საათის განმავლობაში გადატრიალება მომხდარი იყო და ამ დროში არმია აკონტროლებდა მთელ თურქეთს. სტრატეგიული ობიექტები, ოპერაციაც მათემატიკური სიზუსტით ჩაატარეს და მერე უცბად გაჩერდნენ. დაიბნნენ თუ შეაშინა ვინმემ? საუბარია მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს არმიაზე. ეს იყო დიდი ქვეყნებისთვის გაგზავნილი მესიჯი - ჩვენ ეს შეგვიძლია და მივიყვანოთ თუ არა საქმე ბოლომდეო. ამას მოჰყვა თეთრი სახლის განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ისინი არ ერევიან შიდა კონფლიქტში, რადგან არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა ხდება. ამას უკვე მოჰყვა ჯონ კერის განცხადება, რომ სამხედრო ძალით ხელისუფლების შეცვლას ისინი არ დაუშვებენ და დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს უჭერენ მხარს. ქერის განცხადებიდან მოკლე ხანში გამოდიან თურქეთის სახმელეთო და საჰაერო ძალების სარდლები და ამბობენ, რომ მეამბოხეები მხოლოდ ერთი ჯგუფია და ისინი არ გამოხატავენ მთელი სამხედრო ელიტის ინტერესებს. არმიის გენერლების განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის განცხადება, რომ მზადაა, მიიღოს ერდოღანი. გადატრიალება თუ მოხდებოდა და ერდოღანს შეიფარებდნენ, ამის შემდეგ მათ ექნებოდათ სერიოზული საბაბი, სამხედრო გზით სამხრეთ კავკასია დაებრუნებინათ თავიანთი გავლენის ქვეშ და პოზიციები გაემაგრებინათ ლეგიტიმური ერდოღანის უკან დაბრუნების მიზნით. რეჯებ ერდოღანი გადაარჩინა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მასთან ერთად გადავრჩით ჩვენც. დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო ისეთ ეკონომიკურ სიდუხჭირეში არიან, რომ გაუჭირდებათ შემდგომში რაიმე სამხედრო ოპერაციის ჩატარება, გარდა ერთისა - ღილაკს უნდა დააჭირონ თითი. ამაზე თუ წავლენ, უნდა იცოდნენ, რომ ის რაკეტა არ ჩავარდება ამერიკაში. საპასუხოდ ძალიან ბევრ წერტილოვან დარტყმას მიიღებენ. 2017­2018 წლები გლობალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება - გაირკვევა, ვინ რას თმობს და ვინ რას იღებს", - ამბობს კასრელიშვილი


ანალიტიკოსი ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოში შემოსასვლელად რუსეთს ბევრი დრო არ სჭირდება. მისი თქმით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული აქვს ბაზები და რაც 16 ივლისს მოხდა, იყო ქარიშხალი, რომელმაც გვერდზე ჩაგვიარა.


ჩვენ ახლა ველოდებით ქარიშხალს ჩრდილოეთიდან. იმედია, ისიც გვერდზე ჩაგვივლის", ­აღნიშნავს კასრელიშვილი. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner