„საველე ჰოსპიტალი მზადაა და ჩვენ მისი გამოყენება შეგვიძლია, როდესაც ამის საჭიროება დადგება. ჯერ კიდევ გვაქვს მოლოდინი, რომ პრევენციული ზომების შედეგად სტაბილიზაცია მიიღწევა,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
გაბუნიამ საველე ჰოსპიტლის გამოყენებასთან დაკავშირებით ასევე განაცხადა, რომ უკვე ჰოსპიტალურ სექტორში კოვიდ დადასტურებული 7 ათასი პაციენტი მკურნალობს და სულ 8 ათასამდე საწოლია მობილიზებული.
„პრაქტიკულად პაციენტების მიღება ხდება საწოლების ბრუნვის ხარჯზე, ანუ გაწერა და მაშინვე შევსება ხდება, რაც დიდი დატვირთვას წარმოადგენს. ჯერჯერობით ჰოსპიტალურ სექტორში ამ ნაკადების მართვის რესურსი არსებობს. ვფიქრობთ, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს პროცესი ისევ არ გასცდება ჰოსპიტალურ სექტორს.
საველე ჰოსპიტალი მზადაა და ჩვენ მისი გამოყენება შეგვიძლია, როდესაც ამის საჭიროება დადგება. ჯერ კიდევ გვაქვს მოლოდინი, რომ პრევენციული ზომების შედეგად სტაბილიზაცია იქნება მიღწეული, იმგვარი, რომ შემთხვევების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს არ მიაღწევს. ჰოსპიტალური სექტორი, ასევე სასტუმროების საწოლფონდი, რომელიც დღეს გვაქვს მობილიზებული, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენთვის ჩვეულ გარემოში ვმართოთ კლინიკური შემთხვევები“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, სასტუმროს საწოლფონდიც საველე ჰოსპიტლის ანალოგია. გაბუნიამ აღნიშნა, რომ კარგია, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, გარკვეული სივრცე იყოს დარეზერვებული, რომელსაც შემდეგ საჭიროების მიხედვით გამოიყენებენ.