საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ანა ბუჩუკურის განცხადებას ეხმაურება, სადაც ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და პროცესში ხელისუფლება აქტიურად იყენებს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს.
როგორც სარჯველაძე აცხადებს, ეს ყველაფერი სინამდვილეს არ შეესაბამება და უბრალოდ ყურადღების მიქცევას ცდილობენ. ამასთან, მიხეილ სარჯველაძის თქმით, თუკი რაიმე ტიპის გადაცდომა მოხდება, ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
„არ მგონია, ეს დამაჯერებელი განცხადებები იყოს, თუმცა მესმის, რომ ცდილობენ პოლიტიკური ნიშა დაიკავონ, ყურადღება მიიქციონ და ამ თვალსაზრისით ცდილობენ, რომ დევნილის მანტია მოირგონ. სინამდვილეში, ასეთი მეთოდებით და ხერხებით, რეალურად არც არავის ვუპირისპირდებით, ბუნებრივია, არც იქნება ასეთი პრეცედენტები მოსალოდნელი და უბრალოდ, ლოგიკა არ არის ამ შემთხვევაში, რომ მსგავსი მეთოდები იყოს გამოყენებული. არ არის დამაჯერებელი და შესაბამისად, არ მგონია, რომ დიდ ყურადღებას იმსახურებდეს ასეთი ტიპის განცხადებები. კონკრეტული კრიმინალური შემთხვევები, რომელიც შეიძლება განსახილველი იყოს, ამისთვის არსებობს მართლმსაჯულების სისტემა და რამე გადაცდომას თუ ჰქონდა ადგილი, ეს არ ჩაივლის უკვალოდ, ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და პროცესში ხელისუფლება აქტიურად იყენებს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს.