ავღანეთის ქალაქ ჯელალაბადში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც შენობებიდან ავღანეთის დროშის ჩამოხსნასა და „თალიბანის“ დროშის დაკიდებას აპროტესტებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გამართეს, ერთ-ერთ მოედანზე კი „თალიბანის“ დროშა ჩამოხსნეს და ავღანეთის დროშა აღმართეს, რასაც თალიბებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოჰყვა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეობზე სროლა ისმის.
„ალ ჯაზირას“ ცნობით, შეტაკებებს სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 12 კი დაშავდა.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.