„სასამართლოს მოვთხოვთ აუცილებლად, რომ ზურაბ ზვიადაურს გირაო შეეფარდოს. ასევე ცნობილ პიროვნებებს, სპორტსმენებს, რომლებიც დაუდგებიან თავდებში, წარვუდგენთ სასამართლოს,“ - ამის შესახებ მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის, ყოფილი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა კახა ცნობილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თავდებში ჩადგომის სურვილი მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა ტალახაძემ გამოთქვეს.
„ვიცი, რომ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ბექაური და არა მარტო ბექაური, ლაშა ტალახაძეც იქნება, მზად არიან, ჩაუდგნენ თავდებში ამ ადამიანს“, - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.
შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.