2016 წლის 16 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა კრახით დასრულდა. ერთი ღამის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დააზარალა ქვეყანა. ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა „კვირის პალიტრასთან" თურქეთში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი ვარაუდი არსებობს გადატრიალებასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით ანალიზის გაკეთება ჭირს.
„რაც ყველაზე ტრაგიკულია, დაიღუპნენ ადამიანები. ამგვარი ძალადობრივი მოქმედებები საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც.
საქართველოსთვის თურქეთის სტაბილურობა ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყანა არა მხოლოდ მეზობელი, არამედ სტრატეგიული პარეტნიორიც არის.
მომხდარის თაობაზე ბევრი ვარაუდი გამოითქვა, გავრცელდა არაერთი ვერისია, თუმცა დანამდვილებით, ჯერჯერობით, ჭირს სრულფასოვანი ანალიზის გაკეთება, მით უფრო, რომ თურქეთში პროცესები ჯერ არ დასრულებულა.
გადატრიალების მოსურნეთა ზუსტი მიზნები მკაფიოდ არ ჩანს, ძნელია იმის ვარაუდიც, თურქი საზოგადოების თუ სამხედრო მმართველობის რა ნაწილია ამბოხებაში ჩართული.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს გამოძახილია ერდოღანის პოლიტიკისა და იმ რეპრესიების, რაც მის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავს დაატყდა სამხედროებს, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ.
სავარაუდოდ, რევანშის სურვილი დიდი ხანია მწიფდებოდა და, შესაძლოა დღეს სწორედ ამ სურვილმა იფეთქა. თუმცა ანალიტიკოსები სხვა სცენარებზე ლაპარაკობენ, მაგრამ დაბეჯითებით რამის თქმა ძნელია.
ცნობილია, რომ ერდოღანის მმართველობა თურქეთში მაინცდამაინც არ მოსწონთ და საზოგადოების დიდი ნაწილი ამ პოლიტიკას უპირისპირდება. შესაძლოა, სწორედ ესეც გამხდარიყო სამხედროებისთვის ამგვარი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. არ არის გამორიცხული, რომ შეუმდგარი ამბოხება წახალისებული იყოს თურქეთის ფარგლებს გარედანაც", - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.