logo_geo
eng_logo
მარიამ მამეიშვილი: ჩვენი გუნდი არცერთ წევრს არ დაუტოვებია
- +

18 აგვისტო. 2021. 23:37

 

 

დღეს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიაში მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს „ოცნება“ და სხვა გუნდს შეუერთდნენ. ფაქტის გადასამოწმებლად, კომენტარისთვის ოზურგეთში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერს მარიამ მამეიშვილს „პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა:

 

– მარიამ, დღეს “სახალხო პარტიის” წარმომადგენლებმა ბრიფინგი გააკეთეს და განაცხადეს, რომ “ქართული ოცნება” 15- მდე ადამიანმა, მათ შორის ახალგაზრდებმა დატოვეს. რა კომენტარს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით?

 

მოგესალმებით. ეს არის სიცრუე, ჩვენი ორგანიზაცია ოზურგეთში არცერთ ახალგაზრდას არ დაუტოვებია. პირიქით, კამპანიის დაწყების შემდეგ, ჩვენ ძალიან ბევრი შემოგვიერთდა, გავხსენით ახალი ოფისიც, მზად გვაქვს საინტერესო ინიციატივები და ვაგრძელებთ ჩვენი მხარდამჭერების გაერთიანებას ამ მიზნების გარშემო.

 

მართალი გითხრათ, რაც კადრებში ვნახე, ეს იყო “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი ლიდერის უკან მდგარი ადამიანები, რომლებმაც ყურადღების მისაქცევად გააკეთეს ასეთი განცხადება. ვინც სატელევიზიო რეპორტაჟში ვნახე, ისინი ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არ ყოფილან და აშკარად, უფროსების კარნახით ძალიან არაბუნებრივ როლში აღმოჩნდნენ. მათი განცხადებაც ძალიან არადამაჯერებელი იყო, როდესაც 19-20 წლის ახალგაზრდები აცხადებენ, რომ “იმედები პოლიტიკაში გაუცრუვდათ” და “სხვა პარტიაში ბრუნდებიან”. ყველას ჩემს გარშემო ამაზე მხოლოდ გაეღიმა. ოზურგეთში, ჩვენს ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ბევრი აქტიური და წარმატებული ახალგაზრდაა გაერთიანებული, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი და ერთად მუშაობა ძალიან მოგვწონს.

 

– რა პროექტებზე მუშაობთ და რა არის ის პრობლემები, რომელიც ოზურგეთში ახალგაზრდებს აწუხებთ?

 

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები, სადაც ჩვენს ინიციატივებს და პროექტებს ახალგაზრდებს გავაცნობთ. პირველ რიგში ეს განათლების და დასაქმების შესაძლებლობებს ეხება.

 

სპორტი ყველასათვის და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სტარტაპები და მწირე სამეწარმეო პროექტების დაფინანსება, მოხალისეობა, ახალი ტექნოლოგიები, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ბევრი გასართობი ღონისძიება – ეს არის ჩვენი გეგმები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. რა თქმა უნდა არაერთ ახალგაზრდას სოციალური პრობლემები აწუხებს და მიგვაჩნია, რომ აქედან გამოსავალი კარგი განათლების მიღება და მიზანდასახულობაა.

 

– ვინ არის თქვენი კანდიდატი მერის არჩევნებში და რატომ უჭერთ მას მხარს?

 

“ქართული ოცნების” კანდიდატი ოზურგეთში ავთანდილ თალაკვაძეა – ახალგაზრდა, წარმატებული და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, ვისთანაც ახალგაზრდებს ძალიან მეგობრული ურთიერთობა და არაერთ საინტერესო პროექტზე მუშაობის გამოცდილება გვაკავშირებს. დარწმუნებული ვარ ჩვენი მხარდაჭერით ის გაიმარჯვებს და ერთად ბევრის გაკეთებას შევძლებთ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner