logo_geo
eng_logo
რუსუდან გლურჯიძე: ეს არის ფილმი-იმედი იმ ხალხისთვის, ვინც 25 წელიწადია თავის სახლში ვერ ბრუნდება
- +

24 ივლისი. 2016. 11:33



რეჟისორი რუსუდან გლურჯიძისთვის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „სხვისი სახლი" იღბლიანი აღმოჩნდა. ფილმი კარლოვი-ვარის საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს და ბროლის გლობუსით დააჯილდოვეს.


როგორც რეჟისორი ამბობს, მისთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო ამ ფილმის გადაღება და აპირებს, პრემიერა პირველად იმ ხალხმა ნახოს, რომელიც 25 წელია თავის სახლში ვერ ბრუნდება.





„ამ სცენარზე მე და ბატონმა დათო ჩუბინიშვილმა 2 წლის წინ დავიწყეთ ფიქრი და ალბათ იმიტომ, რომ ეს საკითხი ორივეს გვაწუხებდა. ჩვენ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ვართ, ბატონი დავითი ჩემზე უფროსი თაობის დრამატურგია.

 

სცენარის რამდენიმე ვერსია გავაკეთეთ, დაიწყო ცირკულირება სპეციალურ პროგრამებში, სადაც ხდებოდა ყველაფრის დახვეწა.

 

ამ ფილმმა დებიუტის სექციაში მოიპოვა გამარჯვება. საერთოდ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ იმ ხალხის მიმართ, ვისთან ერთადაც იმუშავე, გარდა ამისა, ეს არის ქვეყნის მიერ დაფინანსებული პროექტი, მე სახელმწიფო ფული დავხარჯე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფილმი ვიღაცას მოსწონს.

 

ბევრ რამეს დავხვეწდი, ბევრი რამ არ გამომივიდა ისე, როგორც მინდოდა. მუშაობის პროცესი იოლი იყო, რადგან ისეთი ჯგუფი მყავდა, რომ ყველაფერს მისრულებდნენ.  ეს იყო 45 კეთილი და ბედნიერი დღე. გარდა იმისა, რომ ჯგუფის წევრები პროფესიონალები იყვნენ, ყველა დამეგობრდნენ და შეიყვარეს ერთმანეთი. ყოველი დღე ახალი თავგადასავლით იწყებოდა.

 

მინდა, განსხვავებული პრემიერა გავაკეთო, რადგან ეს არის ფილმი-იმედი იმ ხალხისთვის, ვინც 25 წელიწადია თავის სახლში ვერ ბრუნდება. მინდა, რომ ეს ფილმი აფხაზეთიდან დევნილებს ვაჩვენო პირველად.

 

ფილმის ჩვენებას ვაპირებ აფხაზეთშიც, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - ამბობს რუსუდან გლურჯიძე.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner