„ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე წლის ივლისში დაფიქსირებულმა ექსპორტის მაჩვენებელმა 42.4 პროცენტით გადააჭარბა, არა მხოლოდ გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, არამედ 2019 წლის ივლისში დაფიქსირებულ მონაცემებსაც“, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ცუცქირიძე ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით.
„საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ ექსპორტის ზრდის სტრუქტურაში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება ადგილობრივი ექსპორტის მზარდი დინამიკა.
„წლის დასაწყისიდან პირველ 7 თვეში, იანვარ-ივლისში ექსპორტის ზრდა ძირითადად ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. ადგილობრივი ექსპორტი 30.7 პროცენტით გაიზარდა და 1,662.7 მლნ აშშ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 73.1 პროცენტს გაუტოლდა.
ქვეყნების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში: ჩინეთში (47.0%-ით და 352.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა), რუსეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 42.1%-ით და 293.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), თურქეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 71.0%-ით და 180.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), აშშ-ში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 123.2%-ით და 84.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), უკრაინაში (45.5%-ით და 85.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა), სომხეთსა (38.7%-ით და 65.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა) და აზერბაიჯანში (41.5%-ით და 56.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა).
აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი ადგილობრივი საექსპორტო პროდუქტებიდან 2021 წლის იანვარ-ივლისში გაიზარდა ფეროშენადნობის (გაიზარდა 76.4%-ით და 228.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (5.8%-ით და 465.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), მინერალური და მტკნარი წყლების (გაიზარდა 34.2%-ით და 79.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), ტრიკოტაჟის ნაწარმის (გაიზარდა 82.9%-ით და 42.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), ყურძნის ნატურალური ღვინოების (გაიზარდა 15.9%-ით და 123.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), გაზიანი წყლების (გაიზარდა 93.2%-ით და 34.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), თხილისა და კაკლის (75.1%-ით და 35.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), სპირტიანი სასმელებისა (17.9%-ით და 49.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა) და აზოტოვანი სასუქების (გაიზარდა 4.3%-ით და 54.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა) ადგილობრივი ექსპორტი.
მიუხედავად 2020 წელს ექსპორტის 12-პროცენტიანი შემცირებისა, რაც რეექსპორტის კლებით იყო განპირობებული, გასულ კრიზისულ პერიოდშიც კი, ეკონომიკის 6-პროცენტიანი შემცირების პირობებში, ადგილობრივი ექსპორტი 3.6 პროცენტით გაიზარდა და კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს - 2,408 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ტენდენციები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ახალ სარეკორდო ნიშნულზე გავა. ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, საგარეო მოწყვლადობის შემცირებასთან ერთად, რაც ასახულია კიდეც ლარის გამყარების ტენდენციაში, მნიშვნელოვანია დასაქმების თვალსაზრისითაც, განსაკუთრებით პოსტკრიზისულ პერიოდში სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიმართულებით და დიდწილად ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი სამთავრობო პროგრამების შედეგია“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.