აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ გამართულიყო, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს დაამარცხებდა. აღნიშნულს ამერიკული კვლევითი კომპანია Rasmussen Reports-ის გამოკითხვა ცხადყოფს.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, „მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ გამართულიყო“, გამოკითხულთა 37% მხარს ჯო ბაიდენს დაუჭერდა, 43% - დონალდ ტრამპს, ხოლო 14% ხმას სხვა კანდიდატს მისცემდა.
გარდა ამისა, მათ შორის, ვინც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ჯო ბაიდენს მისცა, 12% აცხადებს, რომ ნანობს, რომ მხარი მოქმედ პრეზიდენტს დაუჭირა. შედარებისთვის, დონალდ ტრამპისთვის ხმის მიცემას გამოკითხულთა მხოლოდ 2% ნანობს.
Rasmussen Reports-ის გამოკითხვა 16-17 აგვისტოს ჩატარდა და მასში მონაწილეობა ათასმა მოქალაქემ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ Reuters/Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. გამოკითხვის შედეგების თანახმად, ჯო ბაიდენის რეიტინგი 7%-ით შემცირდა და 46%-ს შეადგენს.