ავღანეთის ხელისუფლების წევრებმა დაადასტურეს, რომ ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციისას ამერიკული თვითმფრინავიდან 19 წლის ავღანელი ფეხბურთელი გადმოვარდა და დაიღუპა. ზაკი ანვარი ავღანეთის ეროვნული ნაკრების წევრი იყო.
მისი გარდაცვალების სხვა გარემოებები ჯერ არ გასაჯაროებულა.
„ფეისბუქით“ გავრცელებულ განცხადებაში ავღანეთის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გენერალურმა დეპარტამენტმა ავღანელი ფეხბურთელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
შეგახსენებთ, რომ თალიბანის მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ ასობით ავღანელი ჰამიდ ყარზაის სახელობის აეროპორტისკენ დაიძრა. ისინი ყველა ხერხით ცდილობდნენ თვითმფრინავში მოხვედრას და ქვეყნის დატოვებას. სხვადასხვა ცნობებით ქაოსის დროს დაიღუპა 12 ადამიანი. მათ შორის ორი აფრენილი თვითმფრინავიდან ჩამოვარდა.