„თურქეთის ხელისუფალნი მუდმივად აკეთებენ მინიშნებებს, რომ აჭარა ყოველთვის თურქული სახელმწიფოს „მზრუნველობის" ქვეშ იქნება!" - ამბობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში. აქვე, არეშიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს არსებულ პრობლემაზე, რაც თურქეთის აჭარაზე გავლენაში გამოიხატება.
„საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უნდა ჩაუღრმავდეს აჭარის რეგიონში შექმნილ პრობლემებს, რაც თურქული გავლენების განუხრელ ზრდაში გამოიხატება! აჭარაში ძალიან რთული მდგომარეობაა და ვგულისხმობ არამარტო თურქეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის ზრდას, არამედ იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე პოლიტიკური ისლამის იდეოლოგიური გავლენა დღითი დღე იზრდება!
საერთაშორისო ტერორიზმის სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ უკვე ჭირს იმის გარკვევა, სირიაში საიდან უფრო მეტი მეომარი ჩადის - პანკისის ხეობიდან თუ აჭარის რეგიონიდან? ეს ძალიან საგანგაშო სტატისტიკაა!" - ამბობს მამუკა არეშიძე.