„ჩვენს ქვეყანაში ყველას, ვისაც პრობლემა ექმნება კანონთან, პოლიტიკაში გარბის და პოლიტიკას თავშეფარებული ისევ კანონის სახელით საუბარს ცდილობს. ასეა აკაკი ბართაიას შემთხვევაშიც. ის, არაერთი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია. ერთ - ერთ საქმეზე ის ჯგუფური ძალადობისა და მუქარის ბრალდებით გირაოს შეფარდებით გათავისუფლდა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ექს-პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის წევრის აკაკი ბართაიას დაკავებას.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, გაუგებარია, როდის ან რატომ გახდა ბარქაია პოლიტიკოსი:
„დღეს დღის წესრიგშია მორიგი საქმე. როგორც იცით, პოლიციამ მისი, როგორც კრიმინალური ავტორიტეტის, „ლავასოღლის“ აქტიური მხარდამჭერის ავტომობილიდან იარაღი ამოიღო და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის საქმეზე სასამართლო განხილვები მიმდინარე პროცესშია.
კითხვა - როდის ან რატომ გახდა აკაკი ბართაია პოლიტიკოსი, პასუხგაუცემელია. ფაქტია, კრიმინალური ავტორიტეტის მხარდამჭერი, აქციებზე გზების გადაკეტვის ორგანიზატორი, პოლიტიკური დევნილის სახელს „ჩალიჩობს“ და ამაში მთელი მისი გუნდი ეხმარება. ბედის ირონიაა, რომ მას ახლა იცავს ადამიანი, რომელმაც თავად დააკავა იგი ერთ-ერთი სამართალდარღვევისათვის.
სამართლის მოთხოვნების დაცვა ყველას ვალია, მით უფრო პოლიტიკაში გადაბარგებულისთვის. პოლიცია პოლიციაა, კანონი კანონია, ასე იყო მაშინაც და ასეა დღესაც. რა უკვირს ბართაიას არ მესმის, მაშინ თუ ჯგუფური ძალადობისა და მუქარის ბრალდებით გირაოს შეფარდებით გათავისუფლდა, დღეს იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაზე სთხოვს კანონი პასუხს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.