„წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებიდან თითქმის 20 დღე გავიდა, მაგრამ პოლიტიკურ სივრცეში აქტივობების ნაკლებობა შეიმჩნევა, აღნიშნული, პირველ რიგში, ოპოზიციას შეეხება, რომელიც ფაქტობრივად, არ აქტიურობს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, ოპოზიციას ფინანსური და ადამიანური რესურსი ამოეწურა:
„ნათლად გამოჩნდა, რომ ოპოზიციამ დიდი ხანია საკუთარი, როგორც ფინანსური, ასევე, ადამიანური რესურსი ამოწურა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ მცირე რეიტინგის მქონე პარტიების, თავის გადარჩენის ერთადერთი გზა „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირება და დამოუკიდებლად მოღვაწეობა იყო, როგორც ხედავთ მართალი აღმოვჩნდი, ე.წ. პატარა პარტიებს სიცოცხლის ნიშანწყალიც კი არ ეტყობათ, ისინი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაყლაპა.
საქართველოს წინ ერთ-ერთი ყველაზე ადვილად პროგნოზირებადი არჩევნები ელოდება, რადგან მმართველ გუნდს ჰყავს წონადი, რეიტინგული კანდიდატები. ოპოზიციას კი ურეიტინგო პრეტენდენტები. მმართველ გუნდს აქვს აქტიური წინასაარჩევნო კამპანია, ოპოზიციას კი წინასაარჩევნო კამპანია საერთოდ არ აქვს. მაგრამ ოპოზიციაა მშვიდად არის, სწორედ ეს სიმშვიდე მაფიქრებს... რადგან ფაქტია, ისინი 2 ოქტომბერს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ და არჩევნებისთვის არ ემზადებიან. ისინი მთელ თავის რესურსს 3 ოქტომბრისკენ მიმართავენ და დიდი ალბათობით აქციებით შეეცდებიან ფონს გასვლას, რადგან მათ საკუთარი რეიტინგის არ არსებობა კარგად უწყიან. (მათივე კვლევები ადასტურებს) აღნიშნულის გათვალისწინებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში, საქართველოში ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, რომელთა შემადგენლობაში მყოფ დამკვირვებელთა აბსოლუტური უმრავლესობა უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.