„გმირი უკრაინელის ნეშტის აღმოჩენა, იდენტიფიცირება და გადასვენება სწორედ საქართველოს მთავრობის და წითელი ჯვარის დაუღალავი შრომის შედეგია, ხოლო სამების ტაძარში ამ უკრაინელი და სხვა ქართველი გმირების სამოქალაქო პანაშვიდს პრეზიდენტი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ვლადიმერ ბოჯაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ვიზიტად მყოფი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს ოფიციალური დელეგაცია არ დაესწრო 1993 წელს, აფხაზეთის ომში დაღუპული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის გასვენებას მშობლიურ ლვოვში.
„გაქცეულ პრეზიდენტს ისე მაგრად აეწვა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების განახლება/გაღრმავება, პრემიერ-მინისტრების საქმიანი და მეგობრული კავშირები, რომ კიდევ ერთხელ ორი ქვეყნის მასშტაბით სამარცხვინოდ მოიტყუა: გმირი უკრაინელის ნეშტის აღმოჩენა, იდენტიფიცირება და გადასვენება სწორედ საქართველოს მთავრობის და წითელი ჯვარის დაუღალავი შრომის შედეგია, ხოლო სამების ტაძარში ამ უკრაინელი და სხვა ქართველი გმირების სამოქალაქო პანაშვიდს პრეზიდენტი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იმყოფებოდა კიევში და მაღალი დონის შეხვედრები გამართა, ლვოვში იმყოფებოდა გუშინ და არა დღეს! გასაგებია გაქცეულო პრეზიდენტო ანუ „მესამე პრეზიდენტო“, როგორც შენი ჯიბის „კრიტიკული მედია“ მოგიხსენიებს, რომ უკრაინაში ამ ვიზიტის მერე შენი დაღმასვლა დაიწყება, რაც უცილობლად აისახება „ნაციონალურ მოძრაობაზეც“ საქართველოში, მაგრამ ამას ყალბი ცრემლებით ვეღარ უშველი. „ნიანგის ცრემლების“ ღვრას 2 ოქტომბერს განახებ, საღამოს“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.