logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: სანამ ამ ზიზღში, უსიყვარულობაში, უპატივცემულობაში ვცხოვრობთ, ნუღარ კითხულობთ - რა გვეშველება?
- +

7 სექტემბერი. 2021. 11:05

 

 

ყველას! თუ ბოლომდე არ წაიკითხავთ ზეპირ „ლაიქებსაც“ ნუ დაწერთ, ეგ სიზარმაცე და ზერელობაც  ამ ქვეყნის უბედურებაა!!!

 

ხშირად მიფიქრია, რატომაა ეს პატარა, სულ რაღაც სამოცწლიანი  სახელმწიფოს მქონე, უდაბნოში გაშენებული  ქვეყანა ისრაელი ასე ძლიერი, თავდაჯერებული, ბრძოლისუნარიანი. რატომ არ შეიძლება ჩემი უუუუუძველესი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე, დედამიწის წალკოტში ამოღუღუნებული ქვეყანაც იყოს ასეთი წელგამართული? აქ ხომ ყველაფერია - მთაც, მდინარეც, მინდორიც, ტყეც, ზღვაც, მზეც, წვიმაც, თოვლიც, თრთვილიც, ყველაფერი, რაც ადამიანის სიცოცხლეს და ბედნიერებას სჭირდება? აბა, რა გვჭირს, რატომ გარბიან ამ ქვეყნიდან ჩემები და მოდიან სხვები, სხვა ქვეყნებიდან და ამბობენ, რომ აქ უნდათ დასახლება, რატომ დადიან ჩემები  გაუღიმარი და უბედური სახეებით და რატომ იღებენ სხვები ბედნიერ სელფებს, რატომ?

 

რატომ და - გუშინ ვიღაც, სრულიად უცნობმა თავზე დამახურა, იმიტომ რომ ვთქვი, აჩმის ასე პატარა ნაჭრებად დაჭრა არ შეიძლება-თქო. ნეტა, მე რა მრჯიდა, სულაც ას ნაჭრად დაუჭრია.

 

რატომ და - ქვეყანაში ანტივაქსერები გაუგონარ შეურაცხყოფას აყენებენ იმათ, ვინაც უკვე აიცრა და 2 წელიწადში სიკვდილს უწინასწარმეტყველებენ.

 

იმიტომ, რომ ჩემი აზრი სხვისას არ ემთხვევა, იმ სხვამ, შეიძლება თმებით მითრიოს და მლანძღოს.

 

იმიტომ, რომ ადამიანის სიკვდილი და ოჯახის უბედურება რომელიღაც პარტიამ სათავისოდ და სამიტინგოდ შეიძლება გამოიყენოს...

 

იმიტომ, რომ ადამიანი, რომლის საქციელიც თქვენს შეხედულებებს არ ემთხვევა, შეიძლება ლანძღოთ და გარეგნობის გამო ეძახოთ ლილიპუტი ან გასიებული, ჯოჯო და მახინჯი,...

 

იმიტომ, რომ ადამიანი ადამიანს აღარ უფრთხილდება, აღარ აინტერესებს, სამსახურიდან რომ დააპანღურებს, მერე რას შვრება, როგორ იყიდის პურს...

 

იმიტომ, რომ ადამიანებს ერთმანეთი აღარ უყვართ, არაააა  და, ვგიჟდებით, როგორც კი რამე ადამიანურ ისტორიას ვისმენთ და ეს კანონზომიერება კი არაა, დედამიწის სასწაული გვგონია, არადა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მთელი საადამიანეთის კაცთმოყვარეობის ამბები ეტევა... ჰოდა, სანამ ამ ზიზღში, უსიყვარულობაში, უპატივცემულობაში ვცხოვრობთ, ნუღარ კითხულობთ - რა გვეშველება, პასუხი იქნება ყოველთვის - არაფერი, გვეშველება კი არა, ხელში გვეფშვნება ქვეყანა ამ უსიყვარულობით!

 

„დილა მშვიდობისა“ მინდოდა მეთქვა, მაგრამ რას გაცდის ილია ჭავჭავაძე, ყველაფერზე რო გასცა პასუხი და ჩვენ, ჯიუტები ისევ კითხვებს რომ ვსვამთ და პასუხებს ვეძებთ -

 

„რაის ვაქნევ ცარიალ მშვიდაბას ცარიალ სტვამაქით. რაი არნ მშვიდაბა? უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის, უსრბოლო წყალჩი ბაყაყნი, ჭია-ჭუაი, ქვემძრომი გამრავლდის. უდეგარ, უსვენარ თერგჩი კი კალმახი იცის! რაი არნ მშვიდაბა ცოცხალ კაცთათვის? რაი არნ მტერობა, თუ ერი ერობს? ცარიალ მშვიდაბა მიწაჩიც გვეყოფის“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner